ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ოპოზიცია ამომრჩევლის მობილიზებაზე ფარულად მუშაობს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და ამომრჩეველს მობილიზაციისკენ მოუწოდა:

“როგორც მოგეხსენებათ, დღეს იმართება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. დღეს, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ გამარჯვება, რომელსაც 31 ოქტომბერს მილიონამდე საქართველოს მოქალაქემ ჩაუყარა მყარი საფუძველი.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის კანდიდატებმა წინა საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, ამჯერადაც უარი განაცხადეს მეორე ტურში მონაწილეობაზე, შეგახსენებთ, რომ მათი გვარები რჩება ბიულეტენებზე.

გარდა ამისა, ისინი ფარულად აქტიურად მუშაობენ ამომრჩევლის მობილიზებაზე. შესაბამისად, ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოვუწოდებთ, რათა ჩვენმა კანდიდატებმა დამაჯერებლად მოიგონ არჩევნების მეორე ტური.“– ამბობს კობახიძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, რაში გამოიხატება ოპოზიციის აქტიური მუშაობა, კობახიძე პასუხობს:

“კორპუს–კორპუს დადიან ოპოზიციის აქტივისტები და ამომრჩეველს მოუწოდებენ საარჩევნო უბნებში მისვლისაკენ. ასეთი ტიპის ფარული, მაგრამ აქტიური ჩართულობაა.“

შეგახსენებთ, რომ დღეს 17 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური იმართება. ჩვიდმეტივე ოლქში ოპოზიციის კანდიდატები არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, თუმცა მათი გვარები ბიულეტენში მაინც წერია.