ირაკლი კობახიძის დედა ტვ პირველს სასამართლოში უჩივის

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დედა, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილე, თამარ ზაალიშვილი ტელეკომპანია პირველს ნოდარ მელაძის გადაცემაში გასული სიუჟეტის გამო სასამართლოში უჩივის. მისი განცხადებით, ცილისმწამებლურია ინფორმაცია, რომ ის ყალბ დიპლომებს საკუთარი ხელმოწერით ადასტურებდა. სიუჟეტი “ყალბი დიპლომები სარდაფიდან”  ტელეკომპანიის ეთერში 10 ივლისს გავიდა. სიუჟეტში საუბარია იმაზე, რომ რომ წერეთლის ქუჩაზე ერთ-ერთ სარდაფში თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ყალბ დიპლომებს გასცემენ. სიუჟეტში უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომელი, მარინა მიქაუტაძე ყვება, რომ “სისტემურ დანაშაულზე” უწყებების დუმილის მიზეზი ირაკლი კობახიძე და მისი დედა, თამარ ზაალიშვილი იყვნენ, რომელსაც, მისივე ცნობით, გაყალბებულ დოკუმენტებზე ხელი აქვს მოწერილი.

თამარ ზაალიშვილი ამ ინფორმაციას უარყოფს:

“თითქოს და მე, თამარ ზაალიშვილი, როგორც განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ვახდენდი ყალბი დიპლომების ლეგიტიმაციას. ეს საშინელი, ცილისმწამებლური, ცრუ ინფორმაციის შემცველი განცხადებები არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე, ვფიქრობ, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა მეწარმოებინა ეს სასამართლო დავა ტელეკომპანია პირველის მიმართ”. – ამბობს ის იმედთან ინტერვიუში.

იმედის ინფორმაციით, ზაალიშვილი ტელეკომპანიისგან კომპენსაციის სახით “სიმბოლურად” 5 555 ლარს, პროდიუსერისა და ჟურნალისტისგან კი 5 ლარს ითხოვს.

ტელეკომპანია პირველის ადვოკატის, ქეთევან ზანდუკელის  თქმით, მათ იმედი აქვთ, რომ სასამართლო შეძლებს, კანონის ფარგლებში დარჩეს და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს.

“ობიქტურად, სარჩელის დაკმაყოფილების არანაირი სამართლებრივი შესაძლებლობა არ არის, ამიტომ, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სასამართლო იხელმძღვანელებს არსებული კანონმდებლობითა და არსებული სასამართლო პრაქტიკით ევროსასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით და შეძლებს, რომ დარჩეს კანონის ფარგლებში, მიიღოს კანონიდან გამომდინარე სამართლიანი გადაწყვეტილება”. – ამბობს ქეთევან ზანდუკელი.