ირანს რუსეთისაგან ძალიან ბევრი რამის მიღება შეუძლია, ეს კი შემაშფოთებელი უნდა იყოს როგორც დასავლეთისთვის ისე ისრაელისთვის – გიორგი კობერიძე

“ირანს რუსეთისაგან ძალიან ბევრი რამის მიღება შეუძლია, ეს კი შემაშფოთებელი უნდა იყოს როგორც დასავლეთისთვის ისე ისრაელისთვის” – საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე უკრაინის ფრონტებზე 17 ოქტომბრის მდგომარეობას აჯამებს

”დღეს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე დრონების გამოყენებით კვლავ იყო იერიშები. ეს რუსეთის ახალი სტრატეგიაა. მათი მიზანი სირიის კერძოდ კი ალეპოსა და ჩრდილოეთ სირიის ქალაქებში ჩადენილი დანაშაულების ხელწერის გამეორებაა. რუსები მაქსიმალურად დიდ ზიანს აყენებდნენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ფიტავდნენ მას. ბოლოს კი ჰუმანიტარული კატასტროფის პირას მყოფი ქალაქები წინააღმდეგობის გაწევას ვეღარ ახერხებდნენ. მანამდე რუსეთი ქართულ ქალაქებს ბომბავდა ამ მიზნით – შოკი და პანიკა იწვევს დემორალიზებას და უმწეობის შეგრძნებას. თუკი მოსახლეობა გამოუცდელი და მოუმზადებელია მაშინ შესაძლოა ამ სტრატეგიამ გაამართლოს.

ახლაც რუსეთი ცდილობს უკრაინელთა დემორალიზებას მიაღწიოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მასობრივი განადგურების ხარჯზე. ამას ემატება ელექტრო მომარაგების შეზღუდვაც. ეს კი ძალიან დიდი გამოწვევაა ნებისმიერი ქვეყნისათვის, მით უფრო იმ ფონზე, რომ ზამთარი მოდის.

უკრაინელები ომს ხმელეთზე იგებენ, მაგრამ ჰაერში ინიციატივა რუსების ხელშია. ირანული წარმოშობის რუსული დრონებით სამხედრო ძალების განადგურება ვერ ხდება, მაგრამ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ზიანი ძალიან დიდია. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელები რუსული დრონების 80%-ს ანადგურებენ, მაინც, ის 20% შესამჩნევად მძიმე ეფექტის მქონეა.

თუკი ქვეყანაში ელექტრო ენერგია შეზღუდული გახდება ამით წარმოებაც შეიზღუდება. საბოლოოდ კი ეკონომიკური სირთულე სამხედრო წარმოებაზეც ცუდად აისახება. ამიტომაა, რომ ომში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვა ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც სამხედროსი.

ამ ფონზე დასავლეთის მხრიდან ჰაერსაწინააღმდეგო ტექნოლოგია რაც შეიძლება დიდი რაოდენობით და რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩავიდეს უკრაინაში. მაგრამ აქ კიდევ ერთი რამაა შესამჩნევი – რუსეთი თანდათან ხვდება რომ მისი თავდაპირველი, მეოცე საუკუნის სტრატეგია აღარ ამართლებდა და ამიტომაც აქცენტს აკეთებს თანამედროვე ტექნოლოგიის მაქსიმალურ ათვისებაზე.

ამასთან, იმდენად უჭირს რუსეთს, რომ ირანული დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების მისაღებად ყველაფერზეა წამსვლელი. ეს კი შემაშფოთებელი უნდა იყოს როგორც კოლექტიური დასავლეთისათვის, ისე ისრაელისათვისაც, რადგან ირანს რუსეთისაგან ძალიან ბევრი რამის მიღება შეუძლია.

– უცნობია თუ რა ხდება ზუსტად ხერსონის რაიონში, მაგრამ ამ მიმართულებით ოთხი ფაქტი დაფიქსირდა:
1. უკრაინელებმა მათი პოზიციებისაკენ მიმავალი რუსული სამხედრო კოლონა გაანადგურეს თავისი მძიმე ტექნიკითა და ცოცხალი ძალით;
2. მოიპოვეს სამხედრო ნადავლი და აიყვანეს ტყვეები, რომელთა ნაწილიც მობილიზებული სამხედროა;
3. რუსებმა ანტონოვის ხიდის ზუსტად მომიჯნავედ დაასრულეს დიდი პონტონური ხიდის მშენებლობა. ხიდის ამ ადგილას მშენებლობა იმ გათვლასაც ემსახურება, რომ უკრაინელები პონტონების დაბომბვისას ანტონოვის ხიდის მოარტყამენ და ზუსტი დამიზნება გაუჭირდებათ.

4. რუსების მცდელობა სუხო სტავოკზე (მდ. ინჰულეცის პლაცდარმი) ეწარმოებინათ კონტრშეტევა მოგერიებულ იქნა უკრაინელთა მიერ.
– დონეცკის რაიონში ბრძოლა ბახმუტისა და სოლედარისათვის გრძელდება. რუსებმა დიდი რაოდენობით რეზერვიც კი ჩართეს მაგრამ გარღვევა ვერ მოახერხეს. დანაკარგები ორივე მხრიდან დიდია, მაგრამ რუსების რიგებში სიტუაცია განსაკუთრებით მძიმეა.

– ბელარუსი ალაპარაკდა “პრევენციული დარტყმის” შესაძლებლობაზე. ძალიან საეჭვოა მინსკის მხრიდან ასეთი ღია და ნათელი მითითებები და ხაზგასმა პოტენციურ იერიშზე. როგორც წესი, შეჭრის წინ ასეთი ფორმითა და ასეთი ინტენსივობით არ საუბრობენ ხოლმე, მაგრამ შესაძლოა საქმე შიდა საზოგადოებრივ მომზადებასაც ეხებოდეს და სწორედ ამიტომ წარმოებდეს ამგვარი საუბარი მინსკის მხრიდან. მაგრამ მაინც ძალიან გაუჭირდება ლუკაშენკას საზოგადოების კონსოლიდაცია და სამხედრო რიტორიკის პოპულარიზაცია.

– დღეს 108 უკრაინელი ტყვე ქალი სამხედრო და სამოქალაქო იქნა გათავისუფლებული რუსეთის ტყვეობიდან. მათ შორის 30-მდე აზოველი და 10-ზე მეტი ოფიცერი.
– რუსეთში, კრასნოდარის რაიონში რუსული გამანადგურებელ-ბომბდამშენი სუ-34 ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლს დაეცა.”- აცხადებს კობერიძე.