თბილისის მერი კახა კალაძეს არ ესმის, თუ რატომ უნდა გააკეთოს კომენტარი კადიროვის განცხადებაზე, რომელშიც ის გიორგი გაბუნიას კიდევ ერთხელ ემუქრება.
“კადიროვის განცხადებაზე კომენტარს მე რატომ მთხოვთ…მინდა მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც აღკვეთეს ის სავარაუდო მძიმე დანაშაული, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი, უმძიმესი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის”,- ამბობს ქართული ოცნების გენერალური მდივანი.
კადიროვის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა საქართველოს პრეზიდენტმაც და თქვა, რომ უფლება არ აქვს, სხვა ქვეყანა გამოძიების დასრულებამდე დაადანაშაულოს.
ცნობისთვის, რამზან კადიროვმა უარყო, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ორგანიზებას უწევდა და ქართველ ჟურნალისტს კიდევ ერთხელ დაექმურა. მან გაბუნიას მოუწოდა, მუხლებზე დადგეს და ბოდიში მოიხადოს.
15 ივნისს მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მისი თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.
გვარამიას თქმით, საქართველოში დაქირავებული მკვლელი კადიროვმა გაბუნიას მიერ პუტინის გინების გამო გამოგზავნა.