კადიროვმა გაბუნიამ დაიჩოქოსო და ინსტინქტურად საპატრიარქომ დაიჩოქა – ბასილ კობახიძე

თეოლოგი ბასილ კობახიძე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაძის კომენტარს ეხმიანება და ამბობს, რომ დაჩოქება საპატრიარქოს ბუნებრივი პოზაა “უფროსი მართლმადიდებელი ძმების მიმართ”.

ჯაღმაიძემ თქვა, რომ მას არც არგუმენტები, არც კომპეტენცია ყოფნის იმისთვის, რომ დაასკვნას, იკვეთება თუ არა რუსეთის ინტერესები გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობის საქმეში. მან  აღნიშნა, რომ თუ რამე დაემართება, არ ნიშნავს, რომ ვისგანაც მუქარა მოდიოდა, მაინცდამაინც იმის ბრალია.

ბასილ კობახიძის შეფასებით, ამ განცხადებით საპატრიარქომ კადიროვის წინაშე დაიჩოქა.

“კადიროვმა დაიჩოქოს გაბუნიამო და საპატრიარქომ დაიჩოქა. რამე კი არა, უბრალოდ ინსტიქტურად, ეგ მაგათი ბუნებრივი პოზაა უფროსი მართლმადიდებელი ძმების მიმართ”,- წერს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ რამზან კადიროვი გიორგი გაბუნიას კიდევ ერთხელ დაემუქრა და მოუწოდა, დაიჩოქოს და ბოდიში მოიხადოს.

“გიორგი გაბუნიას ურჩევნია მუხლებზე დადგეს და ბოდიში მოიხადოს. მან შეურაცხყოფა მიაყენა არა ერთ ადამიანს, არამედ რუსეთის ყველა მოქალაქეს. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები ამ ადამიანის აღსაზრდელად. პირადად ამ ადამიანს კი მოვუწოდებ, სწორი დასკვნები გამოიტანოს და გონს მოვიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩემი პირადი მტერი გახდება“, – განაცხადა კადიროვმა.

15 ივნისს მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მისი თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.

გვარამიას თქმით, საქართველოში დაქირავებული მკვლელი კადიროვმა გაბუნიას მიერ პუტინის გინების გამო გამოგზავნა.