კაკაურიძემ აღიარა, რომ შესაძლოა საქართველოს EU-ს 75 მილიონიანი დახმარება ვერ მიეღო

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ აღიარა, რომ ევროკვირის მიკროფინანსური დახმარების ფარგლებში, არსებობდა რისკი, რომ 75-მილიონი საქართველოს ვერ მიეღო, რის გამოც ხელისუფლებამ მასზე უარი თქვა.

“ევროკავშირის თანხა იყო ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც მოყვებოდა რეფორმებს, დაახლოებით, 10 თუ 12 სხვადასხვა მიმართულების რეფორმა იყო ჩამოთვლილი და ყველა მათგანი არის შესრულებული, დარჩა მხოლოდ ერთი ნაწილი, მე სასამართლო სისტემის შემფასებლად არ გამოვდგები, მაგრამ აქაური ექსპერტები თვლიან, რომ რაც ხელშეკრულებაში ეწერა, შესრულდა, თუმცა მეორე მხარე, ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებდა, რომ გარკვეული პირობები არ არის შესრულებული.

ამ ევროკავშირი სესხს, დახმარება არაა, პირობები კარგი აქვს ნამდვილად, თუმცა არის სესხი და ეს თანხა დასაბრუნებელია, პირობების კუთხით კი, ბევრ სესხთან მიმართებაში უკეთესია.

ევროკავშირთანაც გვქონდა კომუნიკაცია და მათი ჩართულობით, წმინდად ეკონომიკური და ფინანსთა სამინისტროს ნაწილი რაც იყო, ყველა რეფორმა განხორციელდა, დარჩა სასამართლოს ნაწილი, რომელზეც სხვადასხვა პოზიცია არსებობდა, ამიტომ, როდესაც დადგა საკითხი, რომ ამ სესხს რაღაც პრობლემა შეიძლება ჰქონოდა, შესაბამისად, როცა უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, თუ რომელ სესხზე გვეთქვა უარი, ვთქვით ისეთ სესხსზე, რომელზეც რისკი არსებობდა, რომ არ ჩამოირიცხებოდა”, –  თქვა კაკაურიძემ პარლამენტში.

ცნობისთვის, 31 აგვისტოს საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო ევროკავშირის 75-მილიონიანი დახმარების მეორე ნაწილის მიღებაზე უარს ამბობს, რადგან ქვეყანას ორინიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს და დამატებითი სესხი არ სჭირდება. ამავე დღეს მას გამოეხმაურა ევროკვშირის წარმომადგენლობა და თქვა, რომ საქართველომ ვერ შეასრულა დახმარების მიღების პირობები, რის გამოც ქვეყანა ამ სესხს ისედაც ვერ მიიღებდა.