კამპანია 300 000 დაგვიჯდა, თუ სწორ გადაწყვეტილებას მივიღებ, კიდევ ვიშოვი – ხვიჩია

გირჩის ერთ–ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ქართული ოცნების კანონპროექტს ეხმიანება, რომლის მიხედვით, პარტიები, რომლებიც მანდატებზე უარს იტყვიან, დაფინანსებას ვერ მიიღებენ.

ხვიჩიას შეფასებით, ქართული ოცნება ოპოზიციას აშანტაჟებს, თუმცა ეს პარტიების სუსტი მხარეებია.

“გირჩი როგორ არსებობს? გირჩს ხომ არ აუღია საბიუჯეტო დაფინანსება? ჩვენი ბიუჯეტი, რითაც გავედით არჩევნებზე სასაცილო თანხა იყო. ჩვენ 3%… 300 ათასი ლარი დაგვიჯდა საარჩევნო კამპანია დაახლოებით, შემოგვწირეს. სხვა პარტიებს მილიონები დაუჯდა. თუ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივიღებ, იმედი მაქვს, 300 ათას ლარს ჩემი მხარდამჭერებისგან კიდევ ვიშოვი. სხვა პოლიტიკური პარტიები ფიქრობენ, რომ მილიონების გარეშე ვერ გადარჩებიან. 300 ათას ვერ იშოვიან? უბრალოდ მილიონები უნდათ. როდესაც მილიონები გინდა, თან ბოიკოტი გინდა, მაშინ გამოდის კობახიძე გამოდის და გაშანტაჟებს”,– ამბობს ხვიჩია ფორმულასთან საუბრისას.

მისივე თქმით, მმართველი პარტიის ქცევა არაცივილურია, თუმცა ოპოზიციამ შანტაჟის საფუძველი არ უნდა მისცეს.

ცნობისთვის, ქართული ოცნების სპიკერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება.

მისივე თქმით, კანონპროექტების მიხედვით, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით