კარი რომ გაეღოთ, შეიძლება, საქმე აქამდე არ მისულიყო – მეუფე გრიგოლი პანსიონზე

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება და იმედოვნებს, რომ ის სირთულეების გარეშე აღსრულდება.

“მე ის ვიცი, რაც არის ახლა – ძალიან დიდი ხმაური და სიმართლე ვთქვათ, ტყუილ-მართალი იმდენად არის ერთმანეთში არეული, ძალიან ძნელი ხდება დასკვნების გაკეთება იმიტომ, რომ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა აკისრია თითოეულ ადამიანს. ჩვენ შეიძლება ერთი საქმე გავაკეთოთ, მეორე გავაფუჭოთ. იმედი მაქვს, სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდება ყოველგვარი სირთულეებისა და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე.

მე მივესალმები, თუ უწესრიგობაა, წესრიგის დამყარებას, თუ დანაშაულია, აღმოფხვრას, თუ რაიმე უკეთურებაა, გამოსწორებას; იმ ღონისძიებების გატარებას ეკლესიიდან თუა საჭირო, ეკლესიიდან, თუ სახელმწიფოდანაა საჭირო, სახელმწიფოდან, იმ ნაბიჯებს, რომლებიც აღმოფხვრის იმ პრობლემებს, რომელიც აწუხებს დღეს მთელ საზოგადოებას,”- განაცხადა მიტროპოლიტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით.

მეუფე გრიგოლი ფიქრობს, რომ ნინოწმინდის პანსიონის კარი რომ გაეღოთ, საქმე აქამდე არ მივიდოდა.

“დღეს უკვე მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო არის ამ საქმეში ჩართული და მისგან უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს. რამდენადაც ვიცი, შემოწმება ტარდება. ერთი წუთით იქ რომ მიხვალ, ვერაფერსაც ვერ გაიგებ, იქ გარკვეული პერიოდი ყოფნაა საჭირო. მე ასეთი აზრი მაქვს, რომ შეიძლება აქამდე საერთოდ არ მისულიყო, რომ მომხდარიყო ელემენტარულად გახსნა კარისა, რადგან ქართული გამოთქმა არის: ნათქვამს ერთი კუდი აქვს და უთქმელს ათასიო. შესაბამისად, ის, რომ ეს კარები იყო დახშული, საფუძვლიანად თუ უსაფუძვლოდ, მაგრამ, ფაქტობრივად, ეს ძალიან ბევრ ეჭვებს აღძრავს და ამან უფრო გამოიწვია ასეთი ვითარება, ამან უფრო გაართულა და დაძაბა მთელი საზოგადოება,”- აღნიშნა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.