კარტოგრაფების საქმეს აშკარად გააჩნია პოლიტიკური ან სხვა მოტივი – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ე. წ. კარტოგრაფების საქმეზე სასამართლოს მეგობრის (amicus curiae) მოსაზრებით მიმართა. ომბუდსმენის ცნობით, წარდგენილი დოკუმენტი საქმის მასალების 14 ტომის, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესწავლას ემყარება.

გამოძიების მასალების შესწავლის პარალელურად, სახალხო დამცველმა შეხვედრები გამართა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარესთან. აპარატი დააკვირდება სასამართლო პროცესის მსვლელობასაც.

“სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველმა ორ ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება:

  • შესაბამისობაშია თუ არა წარდგენილი ბრალდება კანონიერების კონსტიტუციურ პრინციპთან (სახეზე გვაქვს თუ არა დანაშაულის ობიექტური მხარე და ბოროტი განზრახვის ელემენტები).
  • სახეზე გვაქვს თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა (პოლიტიკური ან სხვა ქვენა მოტივის არსებობა) სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას.

სახალხო დამცველის შეფასებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ ბრალდებულებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემის სურვილი ჰქონდათ ან ამ განზრახვით მოქმედებდნენ.

“მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე, ვერ დადასტურდა ბრალდებულთა ქმედებაში კორუფციული, თაღლითური, მოტყუების, ანგარების, ან სხვა ელემენტი, რომელიც მათ მიერ საექსპერტო საქმიანობის ფარგლებში ბოროტ განზრახვას დაადასტურებდა. დამატებით, 1:200 000 მასშტაბის რუკა, რომლის არგამოყენებასაც ეფუძნება ბრალდება, დღემდე არ არის შემოწმებული ვარგისიანობის კუთხით ბრალდების მხარის მიერ.

როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება, ამ საქმეზე გამოძიების დაწყება განაპირობა პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირმა, რაც შეთანხმებული იყო შესაბამისი პარტიის ხელმძღვანელთან. დაწყებული გამოძიების ფარგლებში უმნიშვნელოვანესი ექსპერტიზა ჩატარდა 4 დღეში და მასში მონაწილეობდა ბრალდების მთავარ მოწმეზე სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირი. ასევე ერთ-ერთი პრობლემური გარემოებაა ის, რომ პირებს ბრალდება ისე წარედგინათ, რომ 1936-38 წლების 1:200 000 მასშტაბის რუკის ვარგისიანობა არ იყო დადგენილი და შესაბამისი ექსპერტიზა თვეების განმავლობაში არ დანიშნულა”,– აცხადებს სახალხო დამცველი.

მისივე შეფასებით, საქმეს აშკარად გააჩნია პოლიტიკური ან სხვა მოტივი, რომელიც საქმეში არსებული ხარვეზების ფონზე, კანონიერ მოტივს გადაწონის. აღნიშნული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევად ფასდება.

“იმედს ვიტოვებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო ჯეროვნად და დეტალურად იმსჯელებს დანაშაულის შემადგენლობის ელემენტებზე და პოლიტიკური მოტივის გარემოებებზე და წარმოადგენს დასაბუთებულ არგუმენტაციას განსახილველ საკითხებზე. საქმის გარემოებების სწორი სამართლებრივი გადაწყვეტა უშუალო გავლენას მოახდენს როგორც ინდივიდების უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფაზე, ასევე, სასამართლოს შემდგომი პრაქტიკის განვითარებაზე”,– წერია ომბუდსმენის განცხადებაში.