“კატეგორიულად არა!” – მელაშვილი მოსამართლის კითხვაზე, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი მოსამართლის კითხვაზე, სცნობს თუ არა თავს დამნაშავედ, ასე პასუხობს: “კატეგორიულად არა”.

მისი თქმით, რამდენჯერმე არ მიეცა საშუალება, საკუთარი აზრი საზოგადოებისთვის მიეწოდებინა და სახალხო დამცველს შეხვედროდა.

„იყო შემთხვევა, როცა ჩემი აზრი ადვოკატისთვის მინდოდა გადამეცა საქმესთან დაკავშირებით და ამის საშუალება არ მომეცა. იყო ასევე მეორე შემთხვევა, შემთხვევათა ერთობლიობა იყო, საზოგადოებისთვის მიმართვის გადაცემა მინდოდა ადვოკატისთვის, რაზეც უარი მითხრეს, რასაც ჩემი გადაბარგება მოჰყვა „მატროსოვიდან“ გლდანში. სახალხო დამცველთან მინდოდა საუბარი, შეზღუდვები იყო და არ მომეცა საშუალება, რაც სახალხო დამცველს ვუთხარი”,- განაცხადა მელაშვილმა.

მისივე თქმით, მასსა და მის ადვოკატს მხოლოდ და მხოლოდ სატელეფონო საუბარი შეეძლოთ.

ადვოკატების განცხადებით, აღნიშნული ფაქტი შესაბამის ორგანოებში გასაჩივრებული აქვთ.

ამ წუთებში სასამართლოში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს.