კაცი ვარ და გავუძლებ ამ ცხრათავიან უკანონობას – არჩილ გაგნიძე საზოგადოებას მიმართავს

გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მორაგბე არჩილ გაგნიძე ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში საზოგადეობას მიმართავს და ამბოს, რომ უდანაშაულოა და გამოძიება მტკიცებულებებს აყალბებს.

მისი თქმით, შაქარაშვილისთვის გზა არ მოუჭრია და ხიდის ქვეშ საერთოდ არ ყოფილა ჩასულა.

“მინდა საზოგადოებას მივმართო და გავაგებინო, რომ ყველაფერს, რასაც ვხედავ ამ საქმის ირგვლივ, არის სიყალბე და სიცრუე. ვხედავ როგორ ცდილობს ბრალდების მხარე ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ჩვენი გამამართლებელი მტკიცებულებების განადგურებით და ყალბი მტკიცებულებების შექმნის მცდელობით ჩამოაყალიბონ ხალხის აზრი, რომ ჩვენ ვართ დამნაშავეები ცხონებული გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებაში. კიდევ ერთხელ გარწმუნებთ, რომ მე არასოდეს მქონია მცდელობა დამემალა რაიმე ინფორმაცია გამოძიებისათვის, პირიქით მე მათ სრულად მივაწოდე ყველა ის ინფორმაცია და ასევე წარმოვუდგინე გაურეცხავი ტანსაცმელი, რომელიც მეცვა იმ დღეს. ასევე გადავეცი ჩემი ტელეფონი, რომლიდანაც წაშალეს ჩემი გადაადგილების ტრაექტორია, რაც ადასტურებდა იმას, რომ მე გადავედი ხიდზე მარჯვნივ და არ აწყობდა გამოძიებას, ვინაიდან ამით დამტკიცდებოდა, რომ მე არავისთვის მომიჭრია გზა და არც ხიდის ქვეშ ჩავსულვარ”, – აცხადებს გაგნიძე IPN-თან საუბრისას.

ბრალდებული აღნიშნავს, რომ ყველაფერი ეს ემსახურება იმას, რომ სამართალდამცველებმა ხალხში გააჩინონ განცდა, რომ მათ გამოიძიეს საქმე და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები.

“ყოველივე ამას არანაირი შეხება არ აქვს მართლმსაჯულებასთან. მე კაცი ვარ და გავუძლებ ამ ცხრათავიან უკანონობას და გპირდებით, რომ აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას”, – აცხადებს გაგნიძე.

არჩილ გაგნიძე არის 5 თავმდასხმელიდან ერთ-ერთი, რომელმაც პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილს არაგვის ხიდამდე სდია, მას გზა მოუჭრა და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა.