“კაწრო” მთავარ არხსა და ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის

ავთანდილ ბილანიშვილმა იგივე “კაწრომ” “მთავარი არხისა” და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში სარჩელი შეიტანა.

ბილანიშვილის ადვოკატის, თამარ აბესაძის თქმით, ტელეარხმა “კაწროს” და მისი ოჯახის რეპუტაცია შელახა.

“ძალიან ბევრი სახელისგამტეხი, რეპუტაციის შემლახავი ინფორმაცია გავიდა ტელევიზიის მიერ. გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაცია იქნა გაშვებული ტელევიზიით, რომელმაც ძალიან დიდი მორალური ზიანი მიაყენა ავთანდილ ბილანიშვილს და მის ოჯახს. ქარტია იმსჯელებს და მივიღებთ ალბათ დასკვნას, იყო თუ არა [ჟურნალისტური] პრინციპების დარღვევა”,– ამბობს აბესაძე.

მისივე განცხადებით, შესაძლოა უახლოეს მომავალში ბილანიშვილმა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი სასამართლოშიც შეიტანოს.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელ ჟურნალისტურ მასალაზე დავობს ბილანიშვილი.

ცნობისთვის, მთავარი არხი პირველი იყო, რომელმაც გამოთქვა ვარაუდი, რომ შაქარაშვილის საქმეში არსებულ კადრებში, დიდუბის ტერიტორიაზე მთავარ მოწმეს, გურამ ამირხანაშვილს “კაწრო” ესაუბრა.

მოგვიანებით, შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, 19 ივნისის ღამეს, დიდუბის ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებში ხაშურში მცხოვრები ლაშა ლურსმანაშვილი ჩანს და არა ავთანდილ ბილანიშვილი. შსს აცხადებს, რომ ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მოძრავი თეთრი მიკროავტობუსიდან სწორედ ლურსმანაშვილი გადმოვიდა.