კახეთში ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა 50 მეწარმეს რესტორანში უმასპინძლა

„ქართული ოცნების“ თელავის, ახმეტის, ყვარლის და ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, კახეთში 50-ზე მეტ ადგილობრივ ბიზნესმენს, მეწარმესა და ფერმერს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დახურულ სივრცეში, რესტორანში უმასპინძლა. ინფორმაციას ტვ ფორმულა ავრცელებს.

სუფრა გაიშალა სოფელ კაბალშიც, სადაც ქადაგიშვილი ბაგა-ბაღების პედაგოგებს, ადგილობრივებს და საჯარო მოხელეებს შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატი ირწმუნება, რომ ბიზნესმენებმა წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ, ლაგოდეხში მიღებაზე თავად დაპატიჟეს და “წყლით, ჩაით და კანფეტით გაუმასპინძლდნენ”.

“შეხვედრის შემდეგ სექტორს თვითონ აქვს სურვილი, რომ მცირედი მიღება გამართონ და რა თქმა უნდა, ჩვენ თანახმა ვართ ამ მიღებაში მივიღოთ მონაწილეობა. სუფრას რა ვიცი რას ეძახით, როდესაც ჩაის მოგართმევენ, წყალს მოგართმევენ და კანფეტს მოგართმევენ, თუ გინდათ სუფრა დაარქვით და თუ გინდათ ბანკეტი”, – ამბობს ქადაგიშვილი.

ქადაგიშვილის თქმით, მსგავსი შეხვედრები ბიზნესმენებთან და ფერმერებთან ყოველდღიურად აქვს. ასევე იმართება, ინტერესთა ჯგუფის მიხედვით, თემატური შეხვედრები.”საღამოთი გვქონდა შეხვედრა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ბიზნესმენებთან, მეწარმეებთან და ფერმერებთან. ეს კამპანია ყოველდღიურად გვაქვს და ამ ოთხი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ვხვდებით სოფლის მოსახლეობას, ქალაქებში მოსახლეობას და რა თქმა უნდა, თემატური შეხვედრები ინტერესთა ჯგუფის მიხედვით”. – ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მომატებული შემთხვევების გამო, დახურულ სივრცეებში სოციალურ და სარიტუალო ღონისძიებებზე კონტროლი გამკაცრდა. ასევე, ძალაშია დახურულ სივრცეში ღონისძიებებისთვის 10-კაციანი შეზღუდვა.