კელი დეგნანი კვლავ მოუწოდებს “ოცნებას”, შეაჩეროს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი

აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მმართველ პარტიას, შეაჩეროს მოსამართლეების შერჩევის პროცესი და შეასრულოს შარლ მიშელის შეთანხმება.

“19 აპრილის შეთანხმებაში ძალიან კარად არის წარმოჩენილი ის გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც ეს ვალდებულებები უნდა შესრულდეს, რაც გულისხმობს უვადოდ მოსამართლეების განწესების დროებით შეჩერებას, სანამ არ მოხდება ინკლუზიური და ფართო დებატები სასამართლოს რეფორმაზე. შეთანხმებაში მხარეებმა დადეს პირობა, რომ განახორციელებდნენ ძალიან ფართო, ამბიციურ რეფორმას მართლმსაჯულების სისტემაში, თუმცა, ეს დღემდე არ განხორციელებულა.

მნიშვნელოვანია, რომ რეფორმაზე მსჯელობა იყოს მრავალპარტიული, ინკლუზიური პროცესი. ვიცით, რომ იუსტიციის საბჭომ წარმოადგინა კანდიდატები. ახლა პარლამენტის ვალდებულებაა, დროებით შეაჩეროს ეს პროცესი, სანამ მოხდება რეფორმის წარმატებით განხილვა და განხორციელება”,- თქვა კელი დეგნანმა. 

ცნობისთვის, ქართული ოცნება არ აჩერებს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, რასაც საერთაშორისო პარტნიორებისა და ოპოზიციის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.