კიევის მერიამ მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა დაამტკიცა

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ქალაქის ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა დაამტკიცა. მიზეზი გავრცელებული ინფორმაციაა ახლო მომავალში უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შესახებ. დასავლეთის ქვეყნებს უკრაინიდან საკუთარი საელჩოების თანამშრომლები გაჰყავთ, რომლებიც მეორეხარისხოვან ფუნქციებს ასრულებენ. მცირდება რუსეთის დიპლომატიური მისიაც, თუმცა მოსკოვი ამას “შტატების ოპტიმიზაციას“ უწოდებს.

დღეს უკრაინის დედაქალაქის მერიამ განაცხადა, რომ თავდასხმის შემთხვევისთვის მოქმედების გეგმა უკვე მზად არის.

“ქალაქის სამსახურები დღეს უკვე მუშაობენ სამხედრო ხასიათის საგანგებო მდგომარეობის აღკვეთის პირობებში. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ აღვკვეთოთ და დავძლიოთ შესაძლო პროვოკაციები, ასევე, გავძლოთ სამხედრო თავდასხმის პირობებში“– თქვა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.

კიევის მოსახლეობა ოფიციალური მონაცემებით 2.9 მილიონი ადამიანია.

შაბათს საღამოს აშშ–ს სახელმწიფო მდივნის, ტონი ბლინკენის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის საუბარი გაიმართება. რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების ინფორმაციით სატელეფონო მოლაპარაკებებზე მოთხოვნა ბლინკენმა გაგზავნა.

თბილისის დროით შაბათს საღამოს ასევე დაგეგმილია აშშ–ს და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი.

დღესვე რუსეთის პრეზიდენტი კვლავ გამართავს საუბარს საფრანგეთის პრეზიდენტთან, რომელთანაც ამ კვირას მოსკოვში თითქმის ექვსსაათიანი შეხვედრა ქონდა.

აშშ– სახელმწიფო მდივანმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ნებისმიერ წუთს შეიძლება შეიჭრას. თავდასხმა შეიძლება საჰაერო დამბომბვით დაიწყოს, რომელიც ევაკუაციას გაართულებს და მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნის – თქვა თეთრმა სახლმა პარასკევს.

აშშ–ს გარდა ბევრმა სხვა ქვეყანამაც ურჩია საკუთარ მოქალაქეებს უკრიანაში წასვლისგან თავი შეიკავონ, იქ მყოფებმა კი ქვეყანა დაუყოვნებლივ დატოვონ.

დასავლეთის შეშფოთების მიზეზი რუსეთის უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ჯარების და საბრძოლო ტექნიკის მობილიზაციაა უკრაინის საზღვრებთან – ანექსირებულ ყირიმსა და ბელორუსში.