“კითხვები რჩება და იმედია, ამ შეკითხვებს ორგანიზაციის წარმომადგენლები პასუხებს გასცემენ“–ნინო ლომჯარია ISFED–ის სკანდალზე

ვნებათაღელვას, რომელიც სამართლიანი არჩევნების (ISFED) მიერ მათ სისტემაში ხარვეზის აღმოჩენის და 31  ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შედეგების ცვლილების შესახებ ინფორმაციას მოჰყვა, სახალხო დამცველი ფეისბუქზე ეხმაურება:

“მოდით, საკითხები მნიშვნელობის მიხედვით დავალაგოთ და არა სიახლეების:

1. ამ არჩევნებზე შემაჯამებელი ოქმების უპრეცედენტო რაოდენობაში იყო მნიშნელოვანი დისბალანსები, ჩასწორებები, გადაკეთებები. დაფიქსირდა ჩაყრები, ე.წ. კარუსელები. ამ შემთხვევებთან დაკავშირებით დაიწერა ასობით საჩივარი, თუმცა, საარჩევნო ადმინისტრაციამ/სასამართლოებმა არ ჩათვალეს საჭიროდ განეხილათ, ემსჯელათ, გაეხსნათ და გადაეთვალათ უბნების მასალები. მათ არ შეასრულეს ის ვალდებულება, რის შესრულებასაც კანონი ავალდებულებთ;

2. არჩევნების დღეს იდენტიფიცირებულ პრობლემებს ღია, გამჭვირვალე და სამართლიანი განხილვები რომ მოჰყოლოდა, დღეს ჩვენი დემოკრატია სულ სხვა დონეზე იქნებოდა! მძიმეა ფიქრი იმაზე, სად ვართ ახლა ან რამდენი წლით დავიხიეთ უკან, რამდენი წელი დავკარგეთ, სანამ იმას მივაღწევთ, რაც აქვე იყო და შესაძლებელი იყო.

3. სადამკვივრებლო ორგანიზაცია ISFED-მა PVT-ს ერთ-ერთ კომპონენტში, კერძოდ, არჩევნების შედეგების გამოცხადების ნაწილში დაუშვა შეცდომა. ისფედი ბრენდია, რომელიც ნდობას იწვევს და ამიტომაა ამ ფაქტით ამდენი იმედგაცრიუებული ადამიანი. თუმცა, ორგანიზაციამ იზრუნა იმაზე, რომ საკუთარი მონაცემები კრიტიკულად შეეფასებინა და შეცდომა აღიარა;

4. კითხვები რჩება და იმედია, ამ შეკითხვებს ორგანიზაციის წარმომადგენელი პირები ამომწურავ პასუხებს გასცემენ.

5. და ბოლოს, მინდა მივმართო იფედის წევრებს, თანამშრომლებს, დამკვირვებლებს, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ყველაზე კეთილსინდისიერი, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სწორი ღირებულებების მქონე ადამიანები. თქვენ არ დაგიზოგავთ თავი საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. თქვენი საქმიანობით ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის მნიშნელოვან როლს ასრულებთ. მინდა იყოთ მხნედ და საკუთარ თავში რწმენით გააგრძელოთ დაგეგმილი მნიშვნელოვანი საქმეების კეთება!“– წერს ნინო ლომჯარია.

 

შეგახსენებთ, რომ “სამართლიანი არჩევნების” მიერ პარალელური დათვლის შედეგებში უზუსტობის აღმოჩენის შემდეგ ეს შედეგები ჩასწორდა, რითაც ცესკოს მიერ დაწერილ შედეეგებს დაუახლოვდა.  “სამართლიანი არჩევნების” მიერ ხმების პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან არჩევნების გაყალბება არ ყოფილა.

“ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” ამ განცხადების შემდეგ, მესამე პრეზიდენტმაც, მეოთხე პრეზიდენტმაც და ოპოზიციამაც უნდა მოიხადოს ბოდიში, რადგან საბოლოოდ გაირკვა რომ ცესკოს მონაცემები სწორია და პარალელური დათვლის შედეგებს ემთხვევა. უკვე მთელი საზოგადოებისთვის ნათელია, რატომ ამბობდნენ უარს გადათვლაზე, უბნების მიხედვით მონაცემების შედარებაზე და ყველაფრის გადამოწმებაზე. მათ, მთელი ეს პროცესი ცრუ ბრალდებას დააფუძნეს – რეალურად არჩევნები არ გაყალბებულა. ეს იყო შანტაჟი ოპოზიციის მხრიდან და პოლიტიკური აფერა. რაც ახლა თქვენ პირდაპირ ეთერში წაიკითხეთ, ოპოზიციის მთავარ ბრალდებას, თითქოს არჩევნები გაყალბდა, აცამტვერებს. იმთავითვე ვამტკიცებდით, რომ ეს იყო უსაფუძვლო”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.