კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას არც ჩემი ჩვენება და არც ჩემი მიმოწერა მეგობრებთან – ანი გაბეჩავა

გიორგი საქარაშვილის საქმის ერთ–ერთი მოწმის, იუბილარი ანი გაბეჩავას თქმით, არც მისი ჩვენება და არც მეგობრებთან მიმოწერა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას და გამოძიებისთვის ყველაფერი დიდი ხანია ცნობილია.

მისი თქმით, 19 ივნისს მცხეთაში ბიძამისი იმიტომ გაყვა, რომ მამამისი თბილისში არ იყო.

“გადავწყვიტე,რომ პირველად დავაფიქსირო საჯაროდ ჩემი პოზიცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა იცოდეთ,რომ მომხდარის გამო ძალიან ვწუხვართ მეც და ჩემი მეგობრებიც. მინდა დავიწყო იქიდან,რომ პირველი ადამიანი ვინც დაიკითხა 19 ივნისს მთელი დღის განმავლობაში,ვიყავი მე. იმ დღიდან მოყოლებული, დღემდე ყველანაირად ვეხმარები გამოძიებას.

გასაჯაროვდა, რომ 19 ივნისს, დილის საათებში შევხვდი ბიძაჩემს,რადგან წავეყვანე მცხეთის განყოფილებაში. მანამდე ჩემს კლასელებთან მქონდა მიმოწერა,რომელიც თქვენთვის უკვე ცნობილია.ეს მიმოწერა გახლავთ ჩემი მცდელობა იმისა,რომ გამერკვია თუ ვინ და სად ნახა გიორგი ბოლოს. ჩემმა მეგობრებმა გადაწყვიტეს,რომ წამომყოლოდნენ მცხეთაში ორი მიზეზის გამო:1. მარტო არ მსურდა წასვლა, 2. უნდოდათ სიტუაციაში უკეთ გარკვეულიყვნენ. ბოლოს ისე მოხდა, რომ მცხეთაში მხოლოდ ბიძაჩემი გამყვა,რადგან მამაჩემი თბილისში არ იმყოფებოდა”,– წერს გაბეჩავა.

მისივე განცხადებით, კარგი იქნება თუ საზოგადოება მხარდაჭერას გამოხატავს და არა ზეწოლას.

“ნუ დაგავიწყდებათ, რომ ისედაც მძიმე მდგომარეობაში ვართ და თქვენი მხრიდან ზეწოლა მხოლოდ ჩვენ გვაზიანებს მორალურად და არაფრით ეხმარება გამოძიებას. ყველა დეტალი,რაც მედიის საშუალებით თქვენთვის ცნობილი ეტაპობრივად გახდა გამოძიებისთვის დიდი ხანია ცნობილია. კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას არც ჩემი ჩვენება და არც ჩემი მიმოწერა მეგობრებთან. ყველაფერი აუცილებლად გაირკვევა და ნათელი გახდება. კარგი იქნება თუ მხარდაჭერას გამოხატავთ და არა ზეწოლას”,– ამბობს ანი გაბეჩავა.

მან მედიასაც მიმართა და მოუწოდა, კითხვების შემთხვევაში მას მიმართონ. ასევე, მადლობა გადაუხადა ელისო კილაძეს, რომელმაც, მისი თქმით, საზოგადოებისთვის მისი მდგომარეობის ისე გადმოცემა შეძლო, როგორც რეალურად იყო.

ცნობისთვის, ანი გაბეჩავა არის იუბილარი, რომლის დაბადების დღეზე ყოფნის შემდეგ 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა. მას 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ და მაშველებმა ფეხბურთელი 22 ივლისს, არაგვის მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს.