პარასკევი, 26 აპრილი , 2024, 13:38

კლინიკამ გამოძიებას ყალბი დოკუმენტი მიაწოდა – ახალი დეტალები მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეში

ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაცვლილი 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების  საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი.  იკვეთება იმ პირთა წრე, ვინც საქმის მთავარი მტკიცებულება, პაციენტის სამედიცინო ისტორია განგებ გააყალბა.

საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, ვიოლეტა ინასარიძემ მესამედ შეცვალა ჩვენება, მან  ბოლო ჩვენებაში თქვა, რომ მეგი ბაქრაძეს საჭირო დახმარება არ აღმოუჩინეს, არ გაუკეთეს ადრენალინი, ტყუილი ჩაიწერა პაციენტის ისტორიასა და ფორმა 100-შიც.

ვაქცინაციის ჩატარებაზე კლინიკის ახლა უკვე ყოფილი პასუხისმგებელი პირი ახალ ჩვენებაში განმარტავს, რომ კლინიკის დირექტორმა, გიორგი ბარძიმაძემ და კლინიკურმა მენეჯერმა მზია კაკოშვილმა მედდის გარდაცვალების საქმეზე ის აიძულეს ცრუ ინფორმაცია მიეწოდებინა, როგორც მედიისთვის ისე საგამოძიებო უწყებისთვის.

“ქალბატონი ვიოლეტას ეს აღიარება უკვე ქმნის იმის მოცემულობას, რომ გამოძიება თავად კლინიკის მიმართ დაიწყოს, რადგან კლინიკამ ყალბი დოკუმენტაციის მიწოდებით, შეცდომაში შეიყვანა გამოძიება და ეს არის გამოძიების დაწყების საფუძველი, კლინიკის პასუხისმგებლობის დასაყენებლად. როცა ქალბატონი ახლა ამას აცხადებს, ნიშნავს კიდევ ერთ მყარ საფუძველს, რომელიც გამოძიებას უკვე გააჩნია, იმისთვის, რომ შეეცადოს სწორად გამოიკვლიოს საქმე და ამოწუროს, მათ შორის, კლინიკის პასუხისმგებლობის საკითხიც,” – განაცხადა მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა, ვახტანგ ბარამაშვილმა.

27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა “იმედში” 2021 წლის 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა და მეორე დღეს, 19 მარტს, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.