კლინიკების ასოციაცია მთავრობას 6 რეკომენდაციით მიმართავს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია მთავრობას განცხადებით მიმართავს. მათი თქმით, ლეტალობის ყოველდღიური ასეთი მაჩვენებელი პატარა ერისთვის კატასტროფულია.

კლინიკების ასოციაცია მთავრობას მიმართავს და მოუწოდებს, გაატაროს შემდეგი ღონისძიებები:

  • გადაუდებლად დაიწყოს 12-დან – 16 წლამდე ასაკის ბავშვთა ჩართვა იმუნიზაციის პროცესში, ადგილობრივი მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, მსგავსად აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, ისრაელისა და ჩინეთისა. საქართველოში შექმნილი უმძიმესი პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ნუ დავკარგავთ დროს “ჯანმოს” რეკომენდაციის მოლოდინში;
  • გამკაცრდეს რეგულაციებზე კონტროლი, ამ მიზნით გადაუდებლად შეიქმნას 2-3 კაციანი რაზმები გვარდიის შემადგენლობიდან, რომლებიც განახორციელებენ რეგულაციების აღსრულებაზე მკაცრ კონტროლს, როგორც საკურორტო ზონებში, აგრეთვე დიდ ქალაქებში, ცენტრალურ ქუჩებზე, გადასასვლელებზე, გაჩერებებზე, სავაჭრო ცენტრებში და სხვა საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე. ამავე დროს, გვარდიის რაზმებით პატრულირება არ მოითხოვს დამატებით ფინანსურ რესურსებს.
  • სახელმწიფოებრივი მოლაპარაკების საფუძველზე ეთხოვოს ისრაელის მთავრობას თელავივის “სურასკის სახელობის სამედიცინო ცენტრის” მიერ შექმნილი მედიკამენტის “EXO-CD24” (რომელმაც I და II კლინიკური კვლევის ეტაპზე 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა) III კლინიკური კვლევის ფაზაში საქართველოს ჩართვის შესახებ, ამით გადავარჩენთ უმძიმესი პაციენტების სიცოცხლეს;
  • კლინიკურმა საბჭომ ერთობლივად, ჩვენი უცხოელი თანამემამულე – ექიმების აქტიური ჩართულობით, მოახდინოს კლინიკური მართვის პროტოკოლის განახლება და ოპტიმიზაცია;
  • აეროპორტებში და სახმელეთო საზღვრებზე დაუყოვნებლივ გამკაცრდეს კოვიდრეგულაციები.
  • სასურველია 10 სექტემბრამდე (ორი კვირა) საზოგადოებასთან ყველა სახის შეხვედრები ჩატარდეს ონლაინ რეჟიმში”,– წერია ასოციაციის განცხადებაში.

ბოლო 24 საათში​ კორონავირუსით კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 354 ახალი შემთხვევა.