კლუბები, ბარები და ფესტივალები ჯარიმების გაუქმებასა და სტატუსის შეცვლას მოითხოვენ

კლუბები, ბარები და ფესტივალები საერთო განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით, კორონავირუსის დროს დაწესებული კარანტინის დასრულების შემდეგ, ისინი ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრზე დაიბარეს და გააცნეს ის რეგულაციები, რომლის მიხედვითაც საქმიანობის გაგრძელება შესაძლებელი იქნებოდა.

მათივე ცნობით, უწყების წარმომადგენლების პირობის თანახმად, ეს დადგენილება ძალაში უახლოეს პერიოდში უნდა შესულიყო და სანქციები მათ წინააღმდეგ გამოყენებული არ იქნებოდა. სწორედ ამ შეხვედრიდან გამომდინარე გადაწყდა ფესტივალებისა თუ საკლუბო ღონისძიებების დაორგანიზება, თუმცა ისინი მაინც დააჯარიმეს.

ბარები, კლუბები და ფესტივალები 4 მოთხოვნას აყენებენ:

  •  მოიხსნას დაკისრებული ჯარიმები;
  • ჯადაცვის სამინსტრო გადავიდეს სადამსჯელო ღონისძიებების ნაცვლად თანამშრომლობის რეჟიმში;
  • ურთიერთთანამშრომლობის შედეგად დადგინდეს ადეკვატური რეგულაციები, რომლის მიხედვითაც საშუალება გვექნება განვახორციელოთ ღონისძიებები;
  •  სასწრაფოდ შეიცვალოს კლუბების და ფესტივალების განმარტება და გასართობი ბიზნესიდან გადავიდეს კულტურულ ღონისძიებებში.

მათი განცხადებით, ეს ინდუსტრია საერთოდ ამოღებულა კულტურული ღონისძიებების ჩამონათვალიდან და მიენიჭა გასართობი ღონისძიების სტატუსი, რომელზეც ჯერჯერობით არანაირი რეგულაცია არ არსებობს. შესაბამისად მსგავსი სახის საქმიანობა თავშივე ითვლება კანონდარღვევად, მიუხედავად იმისა თუ რამდენად ეცადე გეზრუნა სტუმრის უსაფრთხოებაზე.

“თვითონ ფაქტი რომ სახელმწიფო არ განიხილავს ამ ინდუსტრიას როგორც კულტურის ნაწილს და უბრალოდ გასართობ ღონისძიებათა სიაში გაჰყავს, კარგად გვაჩვენებს რომ მათ არ აქვთ გააზრებული ამ სცენის კულტურული მნიშვნელობა. ასეთი დამოკიდებულება კიდევ რეალურ საფრთხეს უქმნის ზოგადად ამ სცენის არსებობას, რომელიც ისედაც რთულ მდგომარეობაში იყო არსებული პანდემიის გამო.

სწორედ ზემოთ აღნიშნული დადგენილებიდან გამომდინარე 17-18 ივლისის უიქენდზე ერთდროულად დაჯარიმდა თითქმის ყველა ღონისძიება, რაც ტარდებოდა თბილისის მასშტაბით”,– წერია მათ განცხადებაში.

კლუბების, ბარების და ფესტივალების ცნობით, ხედავენ, როგორ ტარდება უპრობლემოდ სხვა ღონისძიებები, მაგალითად კი, მაგალითისთვის მოჰყვათ კიკვიძის პარკში გამართული კონცერტი და დენდროლოგიური პარკის გახსნა.

“ვფიქრობთ რომ ამ სამსახურის და ადამიანების ასეთი უპასუხისმგებლო ქცევა განწირულ მდგომარეობაში აყენებს ისედაც დიდად დაზიანებულ ინდუსტრიას და საბოლოოდ მათი უთავბოლო, სელექციური და ქაოტური გადაწყვეტილებები გამოიწვევს მუსიკალური და გასართობი სფეროს სრულ ჩამოშლას და გაჩერებას. სამწუხაროდ, რადგან აღმოჩნდა რომ ამ საკითხისთვის აქამდე შესაბამისმა სტრუქტურებმა ვერ მოიცალეს და რეკომენდაციების დადგენა ვერ შეძლეს, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ მათ საკუთარი ვერსია თუ როგორი უნდა იყოს ის რეგულაციები, რომლითაც ერთის მხრივ საშუალება გვექნება, განვახორციელოთ ჩვენი საქმიანობა, მეორეს მხრივ კი ვუზრუნველყოფთ სტუმრების უსაფრთხოებას და დაცულობას”. – წერია განცხადებაში.