კოალიციურ შემადგენლობაში ვიქნებით „სტრატეგია აღმაშენებელიც“ – სერგო ჩიხლაძე

„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, რომ პარტია განზე არ გამდგარა და კოალიციურ შემადგენლობაში იქნებიან.

„ეს ძალიან კარგი პრეცედენტია. ჩვენ დავინახეთ, რომ ყველა მიმართულებაზე ვიღაც პასუხისმგებელია, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არ გვინახავს. ვფიქრობ, კიდევ უფრო ნათელი გახდება თბილისის ამომრჩევლისთვის ის განსხვავება, რაც არის მთლიანად ოპოზიციას შორის, მით უმეტეს ამ კოალიციურ წარმომადგენლობას შორის. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და მუდმივად მიდის კონსულტაციები, ისე არ არის, რომ ერთმანეთს არ ვხვდებით ან ვესაუბრებით. პირიქით, გიდასტურებთ, რომ კონსულტაციები გვაქვს, ახლაც მიმდინარეობს, მერეც იქნება. არა მარტო თბილისში, მთელ ქვეყანაშიც იქნება კოალიციური მთავრობა, კოალიციური შემადგენლობა. რა თქმა უნდა, საბოლოოდ, კოალიციურ შემადგენლობაში ვიქნებით ჩვენც და სხვა ოპოზიციური პარტიებიც. ამ ეტაპზე შევთანხმდით, რომ ჩვენ განზე არ გავმდგარვართ. შევთანხმდით, რომ ძალიან აქტიურად ვიქნებით და ვართ უკვე ჩართულები იგივე კომისიის წევრების დაკომპლექტებაში, ერთმანეთის დახმარებაში იმიტომ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ცალკე ნამდვილად არ ვართ“,-განაცხადა ჩიხლაძემ.