“კოვიდით ფსიქოლოგიური გადაღლა სერიოზული პრობლემა გახდა მთელ მსოფლიოში“–ზურაბ გურული

აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული ამბობს, რომ მსოფლიოში კოვიდით ფსიქოლოგიური გადაღლა შეინიშნება, რომელიც აგრესიაში გარდაიქმნება.

“კოვიდით ფსიქოლოგიური გადაღლა, ე.წ. covid-fatigue, სერიოზული პრობლემა გახდა მთელ მსოფლიოში. გაღიზიანებულმა, დათრგუნულმა, შეშინებულმა საზოგადოებამ ობიექტური მიზეზების გამო საკუთარი სასოწარკვეთა აგრესიაში გარდაქმნა. ეს ლოგიკური და მოსალოდნელი იყო, რადგან მსოფლიო პანდემიის მართვის სათავეებში საკუთარ თავში დაურწმუნებელი, მერყევი, პოლიტიკურად და სოციალურად ანგაჟირებული ინდივიდები აღმოჩნდნენ, რომლებმაც ვერ მოიპოვეს პატივისცემა და ნდობა საზოგადოების მხრიდან და უცებ გაფლანგეს ნდობის ის დივიდენდები, რომლებიც მათ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ბუნებრივად ჰქონდათ. აგრესიის მართვა კი უკვე ძალიან რთულია, რადგან აგრესიას ან შიში თრგუნავს, როგორც ეს ჩინეთში მოხდა, ან ისეთი ლოგიკურად მოაზროვნე ავტორიტეტი ამშვიდებს, რომლის რეპუტაციაც შეულახავია. პირველი მხოლოდ ავტორიტარულ ქვეყნებში შეიძლება მოხდეს, მეორე კი ძალიან დეფიციტური რამ არის.

კოვიდის შესახებ ასეთი გაურკვევლობა უამრავი მიზეზის გამო არის; თუნდაც იმიტომ, რომ წალეკა მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო ჟურნალები გაყალბებულმა ლიტერატურამ; ზღვა ინფორმაცია დაიყარა პროფესიულ სამყაროშიც და სოციალურ ქსელებშიც და დილეტანტისათვის კი არა, ზოგჯერ პროფესიონალისათვისაც შეუძლებელია ტყუილ-მართალის გარჩევა. ასეთ დროს პროფესიონალს მხოლოდ საკუთარი ლოგიკური აზროვნება რჩება მთავარ იარაღად.

მაგალითად, ახალი პანიკა იმის შესახებ, რომ ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების შესუსტებისას დაინფიცირებულების რაოდენობამ იმატა, განხილული უნდა იქნეს არა პანიკის ჭრილში, არამედ მშვიდად უნდა დადგინდეს მძიმე შემთხვევების რაოდენობის მატებას თუ აქვს ადგილი. ლოგიკურად ვიცით, რომ როდესაც ვირუსი გავრცელების არეალს ზრდის, პარალელურად ვირულენტობას (ანუ ტოქსიკურობას) ამცირებს. თუ გადავხედავთ მაგალითად ნიუ იორკს, იქაც იმატა დავირუსებულთა რიცხვმა, მაგრამ მძიმე შემთხვევების მატება არ აღნიშნულა. შესაბამისად, ეს ამყარებს ლოგიკურ სპეკულაციას იმის შესახებ, რომ ე.წ. მეორე ტალღა იქნება ბევრად სუსტი დაავადების სიმძიმის მიხედვით.

ლოგიკური სპეკულაციები, რომლებიც გათვლილ რისკებს გაითვალისწინებს, საშუალებას მოგვცემს რომ აგრესია შევამციროთ საზოგადოებაში, გავზარდოთ ნდობა სამედიცინო პერსონალის მიმართ და ამასთან, ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას.

საინტერესო იქნებოდა კვლევის ჩატარება, რომელიც შეეცდებოდა ქართულ პოპულაციაში კოვიდის მძიმე შემთხვევების გავრცელების შესწავლას. თუ მოგროვდებოდა ინფორმაცია მაგალითად იტალიის, ირანის, ესპანეთის, რუსეთის, ამერიკის ქართული დიასპორებიდან, საკმაოდ მარტივად შეიძლებოდა იმის დადგენა, თუ რა თავისებურებები ახასიათებს “ქართულ” კოვიდს. ეს გაფანტავდა უამრავ უსარგებლო, პოპულისტურ მითს და ხელს შეუწყობდა რეალური საფრთხეების ჭკვიანაურად გათვლას.

კიდევ ერთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ პირბადეებთან დაკავშირებით; არ არის საჭირო ვუყუროთ თუ რა ხდება სხვა ქვეყნებში და ბრმად გადმოვიტანოთ მათი გამოცდილება. თუ ვიცით რომ ჩვეულებრივი პირბადე მარტივი ბარიერია, რომელიც ხელს უშლის ნერწყვში გახსნილი ვირუსების გავრცელებას და შესუნთქვას; და თუ ვიცით ისიც, რომ ასეთი გავრცელება ხდება ხმამაღალი საუბრის, ყვირილის, სიმღერის, ხველა-ცემინების დროს, მაშინ მარტივად დავასკვნით, რომ გამოცდის მიმდინარეობისას, სოციალური დისტანციის მეტნაკლები დაცვისას საფრთხეები მინიმალური იქნება, რადგან იქ არც არავინ იყვირებს, იმღერებს, ან ისაუბრებს. შესაბამისი ლოგიკა შეიძლება იქნეს გამოყენებული კონდიციონერების შემთხვევაშიც კონტროლირებულ საჯარო სივრცეებში.

სოციალური აგრესია, რომელსაც შემდეგ ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების სრული უგულებელყოფა და აგდება მოსდევს არარეალური, უაზროდ მკაცრი შეზღუდვების გამო, არახალია; “ესპანური გრიპის” ეპიდემიისას არაერთ ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი ამერიკის სხვადასხვა ქალაქში. ამიტომ, გონივრული მიდგომა და მსჯელობა, ე.წ. ავტორიტეტებისადმი ბრმა ნდობის მინიმუმამდე დაყვანა აუცილებელია ამ ეფექტის მაქსიმალურად შესამცირებლად.“– წერს ზურაბ გურული ფეისბუქზე.