კომიტეტმა ხოშტარიას, ჯაფარიძისა და ნათელაშვილის მანდატების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა შალვა ნათელაშვილისთვის, ბადრი ჯაფარიძისთვისა და და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო მანდატების შეჩერებას მხარი დაუჭირა.

კომიტეტი გადაწყვეტილებას პლენარულ სხდომაზე მომდევნო კვირას წარადგენს, სადაც საბოლოო გადაწყდება გაუქმდება თუ არა დეპუტატების მანდატები.

კომიტეტის შეფასებით, ნათელაშვილისა და ხოშტარიასთვის მანდატის შეწყვეტის საფუძველს კონსტიტუციისა და რეგლამენტის ის ჩანაწერი წარმოადგენს, რომლის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრო, უფლებამოსილება ვადამდე უნდა შეუწყდეს.

რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, კომიტეტის ცნობით, შესაბამისი დასკვნის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციისა და რეგლამენტის ნორმა, რომლის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.