კონსილიუმის დასკვნა სავალდებულოდ უნდა იქნას გათვალისწინებული – ბასილაია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა სავალდებულოდ უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ.

მისივე შეფასებით, აღნიშნული დასკვნა მათ სამართლებრივ პოზიციებს ამყარებს.

“კონსილიუმი, რომელიც შეიკრიბა, არის მაღალი კომპეტენციის და ძალიან მაღალი რეპუტაციის ექიმებისგან დაკომპლექტებული. შესაბამისად, მათი დასკვნა არა მხოლოდ ყურადსაღებია, არამედ სავალდებულოდ უნდა იქნას გათვალისწინებული. ამ დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში ყოფნის ყოველი წუთი მისი სიცოცხლისთვის არის საფრთხის შემცველი.

ეს დასკვნები სამართლებრივი თვალსაზრისით ჩვენს პოზიციებს კიდევ უფრო ამყარებს. იმედს ვიტოვებ, რომ ისინი მოეგებიან გონს და იმოქმედებენ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საუკეთესო ინტერესებით, არ გაჰყვებიან იმ პოლიტიკურ დღის წესრიგს, რომელიც ღარიბაშვილს ჰქონდა დაანონსებული, სრულიად არაჰუმანური, რომ უნდა გარდაიცვალოს თურმე”, – თქვა ბექა ბასილაიამ.

ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, რეკომენდებულია მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანა “ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს”.