დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევიდან 11 ლენჯერის კლასტერს უკავშირდება.
„დღეს, დილის 09:00 საათისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გვაქვს, მათგან 11 უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის თემის კლასტერს, თუმცა, თვითონ ლენჯერში დადასტურებულია 7, ხოლო 4 შემთხვევა გახლავთ მესტიის მუნიციპალიტეტის გარეთ. ერთი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, რომელიც უკავშირდება ყაზბეგის კლასტერს. 5 გახლავთ იმპორტირებული შემთხვევა, მათგან 3 სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ყველა შემთხვევის წყარო ვიცით, გაურკვეველი არცერთი არ არის”,– ამბობს გამყრელიძე.
მანვე აღნიშნა, რომ ბოლო 3 დღეში 1052 პირის ტესტირება მოხდა.
“ბოლო სამი დღეა მესტიის მუნიციპალიტეტში ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს. მოგეხსენებთ, კარანტინში მყოფი ადამიანებიდან ბევრს უმთავრდება 12 – დღიანი ვადა. ბოლო 3 დღის განმავლობაში მესტიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ასეთი 1052 პირი გამოიკვლიეს. როგორც მოგახსენეთ, დადებითი შემთხვევები გვაქვს მხოლოდ ლენჯერში, კარანტინში მყოფი ადამიანების პასუხი ყველა უარყოფია და ისინი საკარანტინო სივრცეს დატოვებენ“, – განაცხადა გამყრელიძემ.