კორუმპირებულები და მოძალადეები ჰყავთ სიაში, არ მიკვირს – ვაშაძე აბაზოვის “ოცნების” სიაში ჩასმაზე

ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის მოხვედრა არ უკვირს, რადგან მმართველი პარტია სიაში კორუმპირებულ და მოძალადე ადამიანებს სვამს.

გარდა ამისა, ვაშაძის თქმით, მმართველი გუნდი საარჩევნო სიაში ისეთი ადამიანები სვამს, ვის მიმართაც კომპრომატები აქვს.

„დამსხვრეული ოცნებების პარტია ერთადერთ რამეზე ფიქრობს, რომ სიაში ისეთი ადამიანები ჩასვას, ვის მიმართაც აქვს კომპრომატები, რომელიც გამოჭერილი, დაჭერილი ჰყავს ხელით და თუ რაღაც თავისუფალ ნაბიჯს გადადგამენ, მათი კონტროლის მექანიზმი აქვთ. ამიტომ, მათ ჰყავთ კორუმპირებული ადამიანები და მოძალადეები სიაში. მათ ჰყავთ უმაქნისი, არაფრისმქნელი მძარცველები სიაში. ეს არის დამსხვრეული ოცნებების გუნდი, რომელიც მათ წარმოგვიდგინეს. ამიტომ, არ მიკვირს. თემურ აბაზოვი კი არა, კიდევ ვის ამოთხრიან, ვის მოიყვანენ და ჩასვამენ სიაში, კაცმა არ იცის. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია იმ დამსხვრეული ოცნებების პარტიისთვის, რომელიც ჩვენ წინაშეა“,- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნება. ეს ინფორმაცია მან დაადასტურა.

შეგასენებთ, რომ 2018 წლის 12 ივნისს, სტუდია მონიტორმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ მარნეულის იმჟამინდელმა მერმა, თემურ აბაზოვმა მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეს, ელჩინ ალახვერდიევს ბოდიშის მოხდა და სახეზე შარდის წასმა აიძულა.

აბაზოვი ჯგუფურად დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით დააკავეს. რამდენიმე თვის შემდეგ, 2018 წლის 13 დეკემბერს მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. ის შემდგომ რუსთავის სასამართლომ გაამართლა.

ის სასამართლო პროცესების პარალელურად “ათლეტიზმის” ფედერაციის პრეზიდენტად დანიშნეს.