კრემლმა არ იცის, როგორ გამოვიდეს ომიდან ისე, რომ პუტინის რეიტინგი არ ჩამოიშალოს – მედია

ჟურნალისტების ინფორმაციით რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვამ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის ადეკვატური სცენარის არარსებობის გამო გადაწყვიტა “ყველაფერი თვითდინებაზე მიუშვას.“ თუმცა, ამავე დროს რუსეთის მოქალაქეები მისი ხელისუფლებისგან მოითხოვენ “ომს გამარჯვებამდე.“

კრემლში დარწმუნებულნი არიან, რომ ამ მომენტში არ არსებობს უკრაინაში ომის შეწყვეტის სცენარი, რომელიც რუსულ საზოგადოებას შეიძლება ისე მიაწოდო, რომ ხელისუფლების რეიტინგი არ დაეცეს. ამის შესახებ გამოცემა “მედუზა“ სამ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წერს.

“ბევრი იფიქრეს, მაგრამ რამე ჭკვიანური და გასაგები სცენარი ვერ მოიფიქრეს. ამიტომ გადაწყვიტეს საზოგადოებრივი აზრი ჯერჯერობით შესაძლო მოლაპარაკებებისა და ზავისთვის არ მოამზადონ. ყველაფერი თვითდინებაზე მიუშვეს“– უთხრა ჟურნალისტებს ერთ–ერთმა წყარომ.

გამოცემის ინფორმაციით კრემლის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ რუსების უმრავლესობა მართლაც აღიქვამს უკრაინის წინააღმდეგ ომს, როგორც “ნაცისტებთან და ნაციზმთან“ ომს. მტკიცებულების სახით მათ მოჰყავთ დახურული სოციოლოგიური კვლევის შედეგები. ამავე დროს, გამოცემის აზრით, არანაირი დამოუკიდებელი და რეალობის ამსახველი მონაცემები, რამდენად უჭერს მხარს ომს რუსული საზოგადოება, არ არსებობს, რადგან შესაბამისი კვლევის ჩატარაბა პროპაგანდის, რეპრესიების და ცენზურის პირობებში შეუძლებელია.

ამავე დროს, პუტინის ადმინისტრაცია კვლავ  საკუთარ მონაცემებზეა ორიენტირებული და სწორედ მათ საფუძველზე კრემლი თვლის, რომ “ომიდან გამოსვლას“ შეიძლება ხელი შეუშალოს “საშუალო კლასის ბევრი წარმომადგენლის პოზიციამ“, რომლებიც კრემლის აზრით სრულმაშტაბიან ომს უჭერენ მხარს.

იმავე კვლევებზე დაყრდნობით რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თვლიან, რომ “საშუალო კლასი“ “გამარჯვებამდე ომის“ მომხრეა: “ამაში იგულისხმება კიევის აღება და შესაძლოა ლვოვამდე მისვლაც კი. უკან დახევა დაუშვებელია“

ჟურნალისტების ერთ–ერთი წყარო ამბობს, რომ რუსული საზოგადოების ეს ფენა მხარს უჭერს ომს, რადგან მათ ჯერჯერობით კვლავ აქვთ შემორჩენილი “დანაზოგის ბალიში“. მათ უმრავლესობას ჯერჯერობით ტექნიკის განახლება არ ჭირდება. შემოსავლები საშუალებას აძლევთ თითქმის არ შეიმჩნიონ პროდუქტზე ფასების მატება. “სამაგიეროდ აქვთ განცდა, რომ საკუთარ ქვეყანას და სამართლიანობას უჭერენ მხარს.“– წერს გამოცემა.

ამ ფონზე კრემლში შიშობენ, რომ ფრონტზე უკანდახევას და მოლაპარაკებებს შესაძლოა რუსული საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვეს, რაც შეიძლება ქუჩის პროტესშიც კი გადაიზარდოს. გამოცემის წყარო ამ ვერსიას იმით ხსნის, რომ რუსეთის პროპაგანდამ “გადაამლაშა უკრაინაში ნაციზმის თემის წინ წამოწევისას“ – რუსული მედია მეტისმტეად დიდხანს უჭედავდა ტვინში რუსეთის მოქალაეებს დიდი სამამულო ომის იდეას, რაც საზოგადოებისთვის “ძლიერი ტრიგერია“.

ამასთან, როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია საჯაროდ უჭერს მხარს საომარ რიტორიკას, რადგან თვლის, რომ უკვე ძალიან გვიანია საზოგადოებრივი აზრის შეცვლა, ამიტომაც წყაროს თქმით, კრემლს მოუწევს იბრძოლოს “რამე შედეგის მიღწევამდე მაინც,“ რომელსაც გამარჯვებად გამოაცხადებს. ამავე დროს, ერთ–ერთი კრემლთან წარსულში დაახლოებული პოლიტოლოგი ჟურნალისტებთან საუბრისას ასეთ თეზისს ეჭვქვეშ აყენებს.

“ახლა რამენაირ სოციოლოგიაზე დაყრდნობა უცნაური იქნებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანები უფრო პასიურები არიან. ისინი შეიძლება არც ემხრობოდნენ ომს და არც მისი წინააღმდეგი იყვნენ. მოსკოვში რაღაც არ ჩანს საშუალო კლასის წარმომადგენელთა მანქანებზე ასო Z. რესპოდენტები აზრს ინერციით გამოთქვამენ, შეიძლება ცრუობენ კიდევაც. თუმცა, ეს არ არის ომის მხარდაჭერა. ეს ხალხი არ არის მზად რომ თვითონ წავიდეს ომში“– ამბობს პოლიტოლოგი.

კიდევ ერთი პოლიტოლოგი, რომელიც გამოცემას ესაუბრა დარწმუნებულია, რომ “პროპაგანდის შესუსტების“ შემთხვევაში, ომის მომხრეთა მხრიდან პროტესტი არ იქნება. “ადამიანები აღარ იფიქრებენ და ილაპარაკებენ ნაცისტებზე, სრულად გადაერთვებიან საკუთარ პრობლემებზე. “