კრემლმა მოლდოვაზე შეტევის გადაწყვეტილება მიიღო – The Times

წყარომ უკრაინული დაზვერვიდან ჟურნალისტებს უთხრა, რომ არსებობს “რიგი ინდიკატორებისა“, რომლებიც მეტყველებს, რომ უახლოეს მომავალში მოლდოვაზე რუსეთის თავდასხმის საფრთხე დიდია.

უკრაინის დაზვერვაში თვლიან, რომ კრემლმა უკვე მიიღო მოლდოვაზე თავდასხმის გადაწყვეტილება. ვარაუდობენ, რომ მოსკოვი შეძლებს საჰაერო დესანტის გადასხმას დნესტრისპირეთში ოკუპირებული ყირიმის მხრიდან. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით The Times წერს.

“ჩვენი აზრით კრემლმა უკვე მიიღო მოლდოვაზე შეტევის გადაწყვეტილება. მოლდოვას ბედი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ რუსები მოლდოვაზე კონტროლის აღებას გადაწყვეტენ, ჩვენ ადვილი სამიზნე გავხდებით სამხედრო თვალსაზრისით და საფრთხე უკრაინისთვის ეგზისტენციალური იქნება“ – ყვება წყარო.

წყაროს ინფორმაციით მოლდოვაში წარმატებული კამპანიის შემთხვევაში რუსული არმია უკრაინას, კონკრეტულად კი ოდესას დასავლეთიდან შეუტევს.

ჟურნალისტების წყარო აზუსტებს, რომ რუსეთის არმია აპირებს დნესტრისპირეთში საჰაერო დესანტი სატრანსპორტო Ил-76–ებით გადასვას.  თვითმფრინავები სავარაუდოდ ოკუპირებული ყირიმის აეროპორტიდან გაიგზავნება.

ამავე დროს, ჟურნალისტები აზუსტებენ, რომ უკრაინული დაზვერვის წყაროს ინფორმაცია განსხვავდება დასავლელი კოლეგების ინფორმაციისგან. ეს უკანასკნელნი ამტკიცებენ, რომ რუსეთს მსგავსი ოპერაციისთვის საკმარისი შესაძლებლობები არ გააჩნია.

ამის მიუხედავად, ვარაუდობენ, რომ ასეთი ნაბიჯი პუტინმა შეიძლება 9 მაისის გამარჯვების დღის მოახლოებისას გადადგას. სწორედ მაშინ აპირებს თითქოსდა პუტინი დნესტრისპირეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას.

თავდაცვითი კვლევების გაერთიანებული სამეფო ინსტიტუტის სამხედრო ანალიტიკოსების, ჯეკ უოტლინგის და ნიკ რეინოლდსის აზრით კრემლის მსგავსი ნაბიჯი რამდენიმე მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს:

  • უკრაინის შეიარაღებული ძალები აიძულოს სამხრეთ–დასავლეთ ფრონტზე კონცენტრირდნენ.
  • შეაჩეროს მოლდოვას ოფიციალური ხელისუფლების პროევროპული კურსი.
  • მიაწოდოს მკაფიო სიგნალი დასავლეთს, რომ უკრაინის მხარდაჭერამ იარაღით და ფინანსებით შეიძლება რეგიონის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.