კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ინფიცირებულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა, მათ შორის 42 წლის კაცია – რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განთავსებული პაციენტების რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა. ერთ-ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

,,კრიტიკული მედიცინის დეპარატამენტში არის 7 პაციენტი. აქედან ერთ-ერთის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე, პაციენტი არის 67 წლის.

კლინიკურად სახეზეა კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული მწვავე რესპირატორული დისტრესი, გემოდინამიკის რღვევით. გვყავს ახალგაზრდა პაციენტი, 42 წლის, რომელიც გუშინაა ჩვენს კლინიკაში შემოსული, პაციენტთან გამოვლინდა მწვავე რესპირატორული დისტრესი, რის გამოც მოთავსდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. დინამიკაში მისი მდგომარეობა უარყოფითი კლინიკით გვაქვს, მიუხედავად ჩატარებული სამკურნალო ღონისძიებებისა და ნებისმიერ დროს შესაძლებელია, გადაყვანილ იქნას აპარატზე. ასევე გადმოყვანილია რამდენიმე პაციენტი სხვადასხვა კლინიკიდან, ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით კრიტიკულია, მას აღენიშნება მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი, გულის მწვავე უკმარისობით“, – განაცხადა რატიანმა.

გარდა ამისა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის თქმით, 27 პაციენტს მწვავე პნევმონიის დიაგნოზი აქვს.

ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 170 შემთხვევაა დადასტურებლი, მათგან 36 გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.