”კუჭავას კაბინეტთან ვიყავი, ჩაიკეტა იქ და მემალება” – ნონა მამულაშვილს სააკაშვილთან შესვლის უფლებას არ აძლევენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ნონა მამულაშვილს, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლებას კვლავ არ აძლევენ. როგორც მამულაშვილი აცხადებს, მან პირველად 4 ოქტომბერს მიმართა პარლამენტის თავჯდომარეს კახა კუჭავას, აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს კი მისი თქმით, კახა კუჭავა კაბინეტში ჩაიკეტა და ემალება.

“პირველად 4 ოქტომბერს მივმართე პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ უფლება მომცეს შევიდე და მოვინახულო მესამე პრეზიდენტი. უკვე 24 დღეა გასული, მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარე პირადად მე არ მაძლევს ნებართვას, რომ მოვინახულო პრეზიდენტი და ვნახო, ჯანმრთელობის როგორი მდგომარეობა აქვს, რადგან მან კარგად იცის, რომ მე პირდაპირ ვეკონტაქტები ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. სავარაუდოდ, არ აქვთ სურვილი, რომ მე ვნახო პირადად სააკაშვილი, გავესაუბრო და გადავცე ამის შესახებ დასავლელ პარტნიორებს.

ახლა ვიყავი კუჭავასთან კაბინეტთან და როგორც ჩანს, ჩაიკეტა იქ და მემალება. ჩემი, როგორც დეპუტატის უფლებები ილახება და ეს არის წარმოუდგენელი, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პირად ხუშტურებზეა დამოკიდებული, შევა თუ არა დეპუტატი პრეზიდენტის მოსანახულებლად”,- თქვა მამულაშვილმა.