კუჭავა აგიტაციის წესის დარღვევის გამო არ დააჯარიმეს – ნონა ქურდოვანიძე

“კახა კუჭავა აგიტაციის წესის დარღვევის გამო არ დააჯარიმეს”- ამის შესახებ,  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა. მისი თქმით,  დღეს 19 ოქტომბერს,  სასამართლომ ცესკოს მიერ კახა კუჭავას წინააღმდეგ წარდგენილ სამართალდარღვევის ოქმზე იმსჯელა და კუჭავას ჯარიმის დაკისრების ნაცვლად, სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

“კახა კუჭავა არჩევნების დღეს უბანზე ქართული ოცნების სიმბოლიკიანი პირბადით გამოცხადდა და კანონი დაარღვია. მისი ქმედება უბანზე აგიტაციას წარმოადგენს და ისჯება 2000 ლარიანი ჯარიმით. ეს იმდენად ცალსახა დარღვევა იყო, რამდენიმე დღის წინ საიას წარდგენილ საჩივარზე მსჯელობისას, ცესკომ კუჭავას წინააღმდეგ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. სხვა რეაგირებას არც ველოდით. დღეს სასამართლომ ამ ოქმთან დაკავშირებით იმსჯელა და სრულიად “მოულოდნელად”, კუჭავას ქმედება მცირე მნიშვნელობის გადაცდომად შეაფასა და ჯარიმის ნაცვლად, სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა”.- წერს იურისტი ნონა ქურდოვანიძე თავის ფეისბუქ გვერდზე.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, ადგილობრივ არჩევნებზე, პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, რომელმაც დილით საარჩევნო უბანზე, აგიტაციის წესი დაარღვია და უბანზე ხმის მისაცემად, “ქართული ოცნების” პირბადით მივიდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ აგიტაციის წესი დაარღვია და აღნიშნულთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კანონის შესაბამისად იმოქმედებდა.