ლაშა ბაქრაძემ “ლელო“ დატოვა. მიზეზი სავარაუდოდ მამუკა ხაზარაძის განცხადებებია

ისტორიკოსმა და ლიტერატურათმცოდნემ, ლაშა ბაქრაძემ პოლიტიკური გაერთიანება ლელო დატოვა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ ფეისბუქზე დაწერა. ბაქრაძე არ აკონკრეტებს გადაწყვეტილების მიზეზს, თუმცა სავარაუდოდ მან ეს გადაწყვეტილება მამუკა ხაზარაძის განცხადებების შემდეგ მიიღო, რასაც საზოგადოების ნაწილის მწვავე რეაქცია მოჰყვა.

ლაშა ბაქრაძემ ფეისბუქზე დაწერა:

“მივიღე გადაწყვეტილება “ლელოს” რიგებიდან გამოსვლის შესახებ.

არ ვაპირებ რაიმე განცხადებების გაკეთებას იმ ჯგუფის წინააღმდეგ, რომლთანაც თუნდაც რამდენიმე თვიანი ურთიერთობა და თანამშრომლობა მაკავშირებს.


ნურავინ შეიწუხებს თავს ამ თემაზე ჩემი დაკითხვის მცდელობით.


სხვა საკითხებთან დაკავშირებით კი, როგორც ყოველთვის, მზად ვარ სასაუბროდ – თავისუფლად და კონიუქტურის გათვალისწინების გარეშე.


ღრმად მწამს, რომ პოლიტიკა არის საინტერესო და მნიშვნელოვანი, განზე დგომა და “იყო სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნო” მიუღებელია ჩემთვის, ან, როგორც ჰაინრიხ ბიოლი იტყოდა “ჩარევა სასურველია”. 
ასე რომ, განვაგრძობ ჩემ ინდივიდუალურ ჩარევის გზას.“

ორი დღის წინ ტვ პირველის ეთერში ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ ლელოს ლიდერს კითხვა ამ ფორმულირებით დაუსვა:

“უმცირესობებისთვის ქორწინების დაკანონებაზე და შვილად აყვანის საკითხზე რა აზრის ხართ”.

ხაზარაძემ უპასუხა: კონსტიტუციაში ძალიან კარგად არის განსაზღვრული და მე მგონი, ამას გადახედვა არ სჭირდება. ნოვატორობა არ უნდა გამოვიჩინოთ. ჩვენ ქვეყანაში უმცირესობის უფლებები არის ძალიან კარგად დაცული. თუ რაღაც გადახრები ხდება, ნიშნავს, რომ კანონი არ სრულდება და ვიღაცის უფლებები იღრვევა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ უმცირესობამ უმრავლესობის უფლებები უნდა შელახოს. მე ვფიქრობ, კანონი დარეგულირებულია. უფლებები ირღვევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უმცირესობამ უმრავლესობას მოახვიოს თავს რაღაც, კონსტიტუციაში ლამაზად წერია, კარგად წერია, ამას უნდა გავყვეთ. ამას, მე მგონი, მეტი აფიშირება არ სჭირდება. რაც თქვენ თქვით, წინააღმდეგი ვარ – ქორწინებების. შვილი უნდა გაზარდოს დედამ და მამამ”– თქვა ხაზარაძემ. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ კარგია ტყეების ეკლესიის საკუთრებაში გადასვლა, რადგან ისინი მათ კარგად მოუვლიან. ამ განცხადებებს ფართო დისკუსიები მოჰყვა.