ლეგენდარული უკრაინელი პილოტი საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიღუპა

უკრაინული მედიის ინფორმაციით ,7 მაისს რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიღუპა უკრაინის ერთ-ერთი საუკეთესო მფრინავი, უკრაინის საზღვაო ძალების მე-10 საზღვაო საავიაციო ბრიგადის ყოფილი მეთაური, პოლკოვნიკი იგორ ბეძაი. ინფორმაციას ადასტურებს ფონდი Come Back Alive დირექტორი, საზღვაო და სამხედრო ექსპერტი ტარას ჩმუტი.

მისი თქმით, მფრინავი საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიღუპა რუსული გამანადგურებლის რაკეტით Mi-14 საზღვაო ვერტმფრენის ეკიპაჟის შემადგენლობაში.

“ის გარდაიცვალა ცაში, რომელიც უყვარდა და იცავდა”, – წერს ჩმუტი.

ტარას ჩმუტი აღნიშნავს, რომ ფაქტობრივად, იგორ ბეძაის ხელმძღვანელობის წყალობით უკრაინამ შეინარჩუნა საზღვაო ავიაცია, რადგან 2014 წელს, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, მე-10 საზღვაო საავიაციო ბრიგადა გახდა შეიარაღებული ძალების ერთადერთი ქვედანაყოფი, რომელმაც მოახერხა ანექსირებული ნახევარკუნძულიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანა. ოპერაციას ბეძაი ხელმძღვანელობდა.

სამხედო ექსპერტი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში ვოლოდიმირ ზელენსკი პოლკოვნიკს უკრაინის გმირის წოდებას მიანიჭებს.