ლელოს მაჟორიტარობის კანდიდატი თავდამსხმელს მოუწოდებს, ნახევარი მლნ-ით წისქვილები გახსნას

,,ლელოს” წალენჯიხის, ჩხოროწყუს, აბაშის და მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თამარ ბელქანია ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს მოუწოდებს, წაღებული ფულით სოფლებში წისქვილები გახნას.

„მივმართავ ტერორისტს, იმ ადამიანს, ვინც გუშინწინ ზუგდიდიდან ნახევარი მილიონი დოლარიო წაიღო. ტერორიზმი დასაგმობია, თუმცა მას აქვს ერთადერთი გამოსავალი, ჩაბარდეს და იმ ფულით, რომელიც ჩვენგან წაიღო, სამეგრელოს ყველა სოფელში წისქვილი გახსნას“,- ამბობს ვიდეომიმართვაში ბელქანია.

ცნობისთვის, 21 ოქტომბერს თავდამსხმელი ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და 19 მძევალი აიყვანა. მან 500 ათასი დოლარი და უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. რამდენიმე საათში მან 3 მძევალი დაიტოვა, რის შემდეგაც შსს–მ მოთხოვნილი თანხა მიუტანა. მძევლებთან ერთად ის პოლიციის მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. გვიან ღამით მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და გაიქცა.

შსს–ს ცნობით, ამ დროისთვის მისი ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს. აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ ე.წ. საზღვარზე თავდამსხმელს არ შეუშვებენ.