“ლელო” არ გახდება „ოცნების“ მიერ გაფუჭებული საქმეების თანამონაწილე – ხაზარაძე

“ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე პარლამენტში შესვლის საკითხს არ განიხილავს და აცხადებს, რომ ამ ნაბიჯს მისი პარტია არ გადადგამს. მისი თქმით პარტია “ლელო” პარლამენტში არ შევა და არ გახდება „ოცნების“ მიერ გაფუჭებული საქმეების თანამონაწილე.

“მე რომ პრაგმატულად შემეხედა პარლამენტში შესვლის საკითხისთვის, ვიფიქრებდი იმაზე, რომ ჩვენ წინააღმდეგ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, ჩაშალეს ანაკლიის პროექტი და პარლამენტში შესვლით ამ პრობლემებს მოვაგვარებდით. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ სწორად, სამართლებრივად, სახელმწიფოებრივად და არ გადავდგამთ ამ ნაბიჯს,” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

“მე რომ პრაგმატულად შემეხედა პარლამენტში შესვლისთვის, დავივიწყებდი იმ იდეოლოგიას, შეხედულებებს და სიმართლეს, რისთვისაც მე მოვედი პოლიტიკაში, მაგრამ არა და არა, ეს არ მოხდება! ყოველთვის შემაწუხებს ფიქრი, რომ ამ შემთხვევაში ვიყავი გარიგების ნაწილი და ამას ვერ ავუხსნი ვერც ჩემს თავს და ვერც საზოგადოებას,”-აცხადებს ხაზარაძე.

“ლელოს” დამფუძნებლის თქმით, პრაგმატული იქნებოდა იმის აღიარება “ოცნების” მხრიდან, რომ მათ მოპარეს არჩევნები მოსახლეობას. ისინი რჩებიან მარტო, მარტო მთელი რიგი პრობლემების წინაშე, რომელსაც ვერ უმკლავდებიან და ვერც სამომავლოდ შეძლებენ გამკლავებას. “ამ ფონზე ცდილობს “ოცნება”, თავისი გაფუჭებული საქმის თანამონაწილე გახადოს ოპოზიცია პარლამენტში შესვლით… თან ხმები მოგვპარონ, არჩევნები გაგვიყალბონ და ამ ყველაფერზე თვალი დავხუჭოთ – ეს არ გამოვა. მმართველმა გუნდმა შეიქმნა პრობლემები და ამაზე თავადვე უნდა აგონ პასუხი“,-განაცხადა მან.