“ლელო” პარლამენტში შევა მას შემდეგ, რაც ნიკა მელია პატიმრობიდან გათავისუფლდება

პარტია ლელო, რომელმაც დღეს შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა პარლამენტში მხოლოდ მას შემდეგ შევა, რაც ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს. ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს.

“პარლამენტში შესვლა მოხდება იმის შემდეგ, როცა ნიკა მელია გამოვა გარეთ. ეს არის აუცილებელი პირობა, იმისათვის რომ პარლამენტში შევიდეთ ჩვენ,“ – ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

შარლ მიშელის დოკუმენტის პირველი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებას ეხება. ამ პუნქტის მიხედვით:

  • საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.
  • გარდა ამისა, პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა.

სავარაუდოდ სწორედ ამნისტიის შედეგად გათავისუფლდება პატიმრობიდან ნიკა მელია. გიორგი რურუას კი პრეზიდენტი მას შემდე შეიწყალებს, რაც შეთანხმებას ყველა მხარე მოაწერს ხელს და მას ევროკავშირი შემდგარად აღიარებს.