ლელო საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და სიას ანულებს

პარტია “ლელო” პარლამენტში არ შედის და საპარლამენტო სიას აუქმებს. ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი განცხადებით, პარტია მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს.

ხაზარაძე აღნიშნავს, რომ სხვა გამოსავალი ამ ეტაპზე არ არის და გადაწყვეტილება პარტიის ყველა წევრის თანხმობით მიიღეს.

ცნობისთვის, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ხვალ, 11 დეკემბერს გაიმართება. პირველ სხდომას არცერთი ოპოზიციური პარტია არ დაესწრება. ამ დროისთვის, მანდატებზე უარს მხოლოდ ალეკო ელისაშვილის პარტია “მოქალაქეები” არ ამბობს.

ელისაშვილის მტკიცებით, ხელისუფლება ოპოზიციის 4–ვე მოთხოვნაზე თანახმაა, თუ ოპოზიცია არჩევნების გაყალბებას დაამტკიცებს. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ევროპულ საქართველოს შეთანხმებაზე ხელის მოწერა არ სურს. ელისაშვილი ირწმუნება, რომ ნაციონალური მოძრაობა ევროპულ საქართველოს მძევლად ჰყავს აყვანილი.