ლოზუნგი, რომ არჩევნები გაუქმებულია, ჩვენ მცდარად მიგვაჩნია – ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, გუშინ საზოგადოების მობილიზება არ აღმოჩნდა საკმარისი “ივანიშვილის რეჟიმის კრიმინალური, არალეგიტიმური მეთოდების გადასალახად”.

მისი თქმით, ასეთი ავტორიტატარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას სჭირდება “კომპლექსური და თანმიმდევრული მიდგომა, რომლის აუცილებელი ნაწილია მშვიდობიანი საპროტესტო აქციები”.

ბოკერია აღნიშნავს, რომ ოპოზიციის განცხადება არჩევნების გაუქმებასთან დაკავშირებით მცდარია.

“ლოზუნგი, რომ არჩევნები გაუქმებულია, ჩვენ მცდარად მიგვაჩნია, არსებითად და პრაგმატულად მცდარად. ასეთი სახიფათო რეჟიმების არასაარჩევნო გზით შეცვლას ბევრად მეტი მხარდაჭერის მოპოვება სჭირდება საზოგადოებისგან, ვიდრე საარჩევნო პროცესში არალეგიტიმური და ძალადობრივი მეთოდების გადალახვას. ეს უბრალოდ რეალობაა.

საზოგადოებას არ უნდა შევუქმნათ მოლოდინი სწრაფ წარმატებაზე, უნდა ვიყოთ მზად, სამწუხაროდ, როგორც ჩანს არამოკლევადიანი ბრძოლისთვის. ამ წარუმატებლობამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაგვაგდოს სასოწარკვეთაში”,– განაცხადა გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე.