ლონდა თოლორაიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა

სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, დღეს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს.

მისი განცხადებით, გაასაჩივრა საქართველოს პარლამენტის მიერ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული იმ ცვლილებების (იმ ნორმების) კონსტიტუციურობის საკითხი, რომლებიც განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების სანაცვლოდ ორი ახალი სამსახურის შექმნას და სამსახურის გაყოფის თანამდევ შედეგებს, მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საფუძველზე შექმნილი უწყებების ხელმძღვანელების არჩევას.

თოლორაიას განმარტებით, მოითხოვს, გასაჩივრებული ნორმების მოქმედების დაუყოვნებლივ შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, ვინაიდან სადავო ნორმების ამოქმედება გამოიწვევს სახელმწიფო ინსპექტორისთვის გამოუსწორებელ შედეგს (უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას).

მისი შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტი მისი ხელმძღვანელის არჩევითი ბუნება და უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში კანონით მისთვის დაწესებული ხელშეუხებლობის გარანტიებია, ამიტომ სწორედ საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა, მისი შინაარსითა და დანიშნულებით, განსაკუთრებულ კონსტიტუციურ დაცვას საჭიროებს.

“ის ფაქტი, რომ პარლამენტი თვითნებურად, საკანონმდებლო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, უფლებამოსილებას ვადამდე უწყვეტს წამებისა და არასათანადო მოპყრობის გამოძიებაზე, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების მონიტორინგზე და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე გარე კონტროლის განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირს, ზიანს აყენებს არამხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, არამედ ახლადშექმნილი ორგანოების დამოუკიდებლობასაც.

კონსტიტუციის 25-ე მუხლით გარანტირებულ უფლებაში ჩარევის ამგვარი პრეცედენტი იწვევს „მსუსხავ ეფექტს“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მომავალ უფროსებზეც, რაც საბოლოოდ უარყოფით გავლენას მოახდენს წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულების დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიებაზე, ისევე როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედებების გარე კონტროლზე და პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების მონიტორინგზე.

რაც უფრო მაღალია ამა თუ იმ თანამდებობის პირის დამოუკიდებლობისა და მის საქმიანობაში ჩაურევლობის ინტერესი, მით უფრო მეტი დასაბუთებაა საჭირო ამგვარი პირის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად. კანონმდებელმა უნდა დაასაბუთოს ის მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესი, რომელიც უფლების შეზღუდვის აუცილებლობას განაპირობებს”,– წერს ლონდა თოლორაია.

ინსპექტორი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში იქნება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მისი ძალიან კვალიფიციური იურისტები.