ლორთქიფანიძის N10-ში საცხოვრებელი კორპუსი აღარ აშენდება

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, ლორთქიფანიძის N10-ში სადაც გუშინ, გვიან ღამით ფერდი ჩამოიშალა, საცხოვრებელი კორპუსი აღარ აშენდება. ბენდელიანი ასევე აცხადებს, რომ მშენებელი კომპანია 30 000 ლარით დაჯარიმდება.

“უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მთლიანი კორპუსის მოსახლეობა დროებით საცხოვრებლებში – სასტუმროებშია გაყვანილი. დღეს დილიდან პროცესში ჩაერთნენ დარგის ექსპერტები და პირველადი ვარაუდით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული ფერდის ჩამოშლა განპირობებულია მშენებლობის პროცესის არასწორი და არათანმიმდევრული მართვით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დედაქალაქის მერია არ შეეგუება არცერთი მშენებელი კომპანიის მიერ არასწორად და არათანმიმდევრულად ჩატარებულ სამუშაოებს. თავიანთ საცხოვრებელ სახლებში მოსახლეობის დაბრუნება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც სრულად ვიქნებით დარწმუნებული, რომ ამ სახლში მათი ცხოვრება უსაფრთხოა. ხაზგასმით შემიძლია აღვნიშნო და მოსახლეობა დავამშვიდო, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსი აღარ აშენდება”.