მადლობას გიხდით მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისთვის, ქრისტე აღდგა! – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისთვის მადლობას უხდის და ქრისტეს აღდგომას ულოცავს.

,,გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მადლობას გიხდით იმ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისთვის, რომელიც გუშინ ქართველმა ერმა გამოიჩინა. ამით ჩვენ ვიტვირთეთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა! ყველას გიხდით მადლობას! ქრისტე აღდგა!”,- აცხადებს პრეზიდენტი.

საგანგებო მდგომარეობისა და ინფექციონისტების რეკომენდაციების მიუხედავად, მართლმადიდებელ ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია მრევლთან ერთად აღევლინა. მთავრობა და საპატრიარქო შეთანხმდნენ, რომ მრევლი 21 საათზე მივიდოდა ტაძრებში და მას დილის 6 საათზე დატოვებდა.

ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში აღდგომის ღამეს ლიტანიობა 2-მეტრიანი დისტანციის დაცვის გარეშე ჩატარდა.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ტაძარში მყოფ მრევლს ურჩევს, თვითიზოლაციაში დარჩნენ და ამით საფრთხე ნულამდე დაიყვანონ.