მადლობა კორონას, უფალმა კორონასთან ბრძოლით გაგვაძლიერა- ემზარ კვიციანი სინოდის განჩინებაზე

,,პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატი, ემზარ კვიციანი წმინდა სინოდის განჩინებას აფასებს და კორონავირუსს მადლობას უხდის, რადგან ,,,უფალმა კორონასთან ბრძოლით გაგვაძლიერა”.

მისი თქმით, COVID 19-მა ბევრი სიკეთე მოიტანა, ემიგრანტები სამშობლოში დააბრუნა და გლობალიზაცია შეაჩერა.

,,ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ასე იქნებოდა, მადლობა ჩემს გამჩენს, რომელმაც ქართველად, მართლმადიდებლად გამაჩინა! მადლობა კორონას, უფალმა კორონასთან ბრძოლით გაგვაძლიერა და უამრავი სიკეთე მოგვიტანა, ემიგრანტი დედები უბრუნდებიან შვილებს, სოფლად მიტოვებული სახლებში 80% დაბრუნდა, გლობალიზაცია, უსაზღვრო ლიბერალიზმი შეაჩერა. ქართველებს დაუბრუნდათ ქართველებისადმი პატივისცემა. მე პირადად აწი რომც შემეყაროს კორონა , მაინც სამადლობელს ვიტყვი კორონას მიმართ.”მადლობა ჩემო მტერო კორონა საკმარისად სიკეთე გვიყავ, აწი წადი მშვიდობით სხვაგან, დანარჩენ მსოფლიოში დაამყარე წესრიგი, ჩვენ გამოვსწორდით! დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის!!!”,- წერს კვიციანი სოციალურ ქსელში.

ის რუს ოკუპანტებს მოუწოდებს, მოუსმინონ საკუთარ წმინდანს და საქართველოსთან დაპირისპირება შეაჩერონ.

,,ჩემო აფხაზო ძმებო და დებო, აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ ერთმანეთს, ჩემო ოსებო, ჩავთვალოთ რომ ემიგრაციაში ვიმყოფებით ერთმანეთისგან და დავბრუნდეთ სახლში, ჩვენ ერთნი ვართ! ჩემო რუსო ოკუპანტებო, მოუსმინეთ თქვენს წმინდანს, სერაფიმ საროველს და შეაჩერეთ ჩვენთან დაპირისპირება! ნუ შეუშლით რუს, აფხაზ და ოს ხალხს ქართველებთან მეგობრობაში ხელს, მარიამ ღვთისშობელი შეგეწევათ ამ მძიმე სნეულებასთან ბრძოლაში. უფალს ებარებოდეთ!!! “,- ამბობს ემზარ კვიციანი.

სინოდის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ზიარების წესი უცვლელი რჩება.