მადლობა ყველას, ვინც მხარი დაგვიჭირა, გიდასტურებთ სიყვარულს – ვოლსკი

დიდუბე–ჩუღურეთში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი გია ვოლსკი მეორე ტურში მხარდაჭერისთვის ამომრჩეველს მადლობას უხდის. არჩევნების მეურე ტურში, რომელშიც ოპოზიცია არ მონაწილეობდა, ვოლსკიმ ხმების 89.95% მიიღო.

“დიდი მადლობა ყველას ვინც მხარი დაგვიჭირა, ვინც დაუღალავად იშრომა. ყველას ვუდასტურებ უღრმეს პატივისცემას და სიყვარულს!”,– წერს ვოლსკი ფეისბუქ გვერდზე.

მისი თქმით, ოპოზიციის ამოცანა დესტაბილიზაციაა, ხოლო ქართული ოცნების – ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანა.

“პირობებში ჩატარდა არჩევნები, რომელიც ყველა კომპეტენტურმა საერთაშორისო ინსტიტუტმა სამართლიანად აღიარა და ამან კიდევ უფრო გაამძაფრა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების აგრესია. დესტაბილიზაცია კვლავ მათი მთავარი ამოცანაა, ისინი სამოქალაქო დაპირისპირებას ესწრაფვიან, მაშინ როდესაც ჩვენი პრინციპი ყველა მოქალაქის უფლებების დაცვაა მიუხედავად მათი პოლიტიკური მრწამსისა”,– აცხადებს გია ვოლსკი..

მისივე თქმით, “არჩევნებში ერთობლივი გამარჯვება არაერთი ფაქტორითაა განპირობებული”, მათ შორის, “სადისტური მმართველობის სისტემის დამარცხება, სოციალური პაკეტის გაზრდა და ათასობით სიცოცხლის გადარჩენა, მრავალი საშინაო და საგარეო საფრთხეების მიუხედავად სტაბილურობის შენარჩუნება და მყარი პოზიციების დამკვიდრება საერთაშორისო ასპარეზზე, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, წარმოებების და ფერმერული მეურნეობების განვითარების სახელმწიფო უზრუნველყოფა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება”.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 100% უკვე დათვლილია. არჩევნების მეორე ტურში, რომელშიც ოპოზიცია არ მონაწილეობდა, ბუნებრივია, 17–ვე მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა.