მაჟორიტარების გადანაწილების რა ვარიანტებს სთავაზობდა ევროპული საქართველო ენმ-ს

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიციას ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან საერთო მაჟორიტარებზე ორი კონკრეტული შეთავაზება ჰქონდა.

ბოკერიას განცხადებით, პირველი შეთავაზება იყო ფართო ვარიანტი 11/8–ზე, რაც ითვალისწინებდა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საკუთარ კანდიდატს დააყენებდა ყველა დიდ ქალაქში – თელავი, რუსთავი, ზუგდიდი, ქუთაისი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი ან მარტვილი, ბოლნისი, გორი, ქობულეთი, ჭიათურა. ამ ოლქებში ენმ-ის კანდიდატებს თბილისის მაჟორიტარების შეთანხმების მონაწილე ყველა პარტია დაუჭერდა. ხოლო ნაციონალური მოძრაობა დაუჭერდა დანარჩენი პარტიების მხრიდან შეჯერებულ კანდიდატებს შემდეგ ოლქებში – თერჯოლა, სამტრედია, ხელვაჩაური, ქედა, ფოთი ან მარტვილი, ხაშური, მცხეთა-მთიანეთი, გურია, რაჭა.

რაც შეეხება, მეორე, უფრო ვიწრო შეთანხმებას, ეს 8/4–ზე გადანაწილებას გულისხმობდა.

“თუ ეს შეთანხმება ვერ შედგებოდა რომელიმე მოთამაშის ან ენმ-ის პოზიციის გამო, ვთავაზობდით უფრო ვიწრო შეთანხმებასაც ჩვენ შორის. უფრო მარტივს. აქაც, ყველა დიდ ქალაქში ვუთმობდით კანდიდატს – ქუთაისი, თელავი, რუსთავი, გორი, ახალციხე… რვა ოლქს ვუთმობდით ჩვენ და ვითხოვდით მხარდაჭერას მხოლოდ ოთხ ოლქში, სადაც ძალიან ძლიერი კანდიდატები გვყავს – ეს არის ზემო აჭარა, ტარიელ ნაკაიძე, გიგი უგულავა მარტვილში ან ფოთში, გიგი წერეთელი თერჯოლა-ზესტაფონში და კაკო ბობოხიძე – ხონში.

უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ მხოლოდ სადღეგრძელოს კი არ ვთავაზობთ, კონკრეტული, ძალიან მოქნილი შეთავაზებები გვქონდა”, – თქვა გიგა ბოკერიამ.

მან აღნიშნა, რომ ეს წინადადება რამდენიმე დღე კიდევ ძალაშია.

გუშინ „ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო გადაწყვეტილება, თბილისის გარეთ 22-ვე მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატი დააყენოს.

მან ენმ-ის გადაწყვეტილების პარალელურად სხვა ოპოზიციურ პარტიებს რეგიონებში საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმებისკენ მოუწოდა. 

ენმ–ს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა პარტია გირჩმაც.

დღეს ამ მოწოდებებს ენმ–ს წევრი სალომე სამადაშვილი გამოეხმარა და თქვა, რომ არჩევნების ბედს არა მაჟორიტარები, არამედ პროპორციული ნაწილი წყვეტს, ამიტომ საზოგადოებას შეცდომაში ნუ შეიყვანენ.