მარიუპოლში ეპიდემიები იფეთქებს, 10 000-ზე მეტი ადამიანი შეიძლება დაიღუპოს – მერი

მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს, რომ წლის ბოლომდე ქალაქში დაავადებებითა და გაუსაძლისი პირობებით შეიძლება 10 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპოს, ახლა კი ქალაქში 150-170 ათასი ადამიანია.

მისი თქმით, “დამპყრობლებმა მარიუპოლი შუა საუკუნეების გეტოდ აქციეს, ამიტომ, სიკვდილიანობის მაჩვენებელიც შესაბამისი იქნება”.

“მედიკამენტებისა და სამედიცინო დახმარების, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის აღდგენის გარეშე ქალაქში ეპიდემიები იფეთქებს. ახლა მოსახლეობის უმეტესობა მოხუცები და ავადმყოფები არიან. სათანადო პირობების გარეშე, მოწყვლადი კატეგორიების სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

მარიუპოლის მცხოვრებლების ნაწილი ახლომდებარე სოფლებიდან დაბრუნდა ქალაქში, რადგან მათ არ უშვებენ თავისუფალი უკრაინის ტერიტორიაზე მკაცრი ფილტრაციის სისტემის გამო.

რუსები აგრძელებენ გენოციდს, რომელიც 24 თებერვალს დაიწყეს. ჩვენს ხალხს სასიკვდილო საფრთხე ემუქრება. ამიტომ საჭიროა ქალაქის სრული ევაკუაცია “,– განაცხადა ბოიჩენკომ.