მარნეულის კომისიის წევრს სცემეს, არაუფლებამოსილი პირები კომისიაში შეჭრას ცდილობდნენ – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისია მარნეულში განვითარებულ მოვლენებზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მარნეულის საოლქო კომისიის წევრს სცემეს, არაუფლებამოსილი პირები კი კომისიაში შეჭერას ცდილობდნენ.

მარნეულში დაპირისპირება საარჩევნო კომისიასთან ენმ-ის წევრების აქციის შემდეგ დაიწყო. ქართული ოცნება ძალადობასა და პროვოკაციაში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს.

ცესკოს განცხადებით,, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელი იქ მყოფ პირებს სთხოვდა განემარტათ, თუ რატომ იღებდნენ ნებართვის გარეშე, რის პასუხადაც მასზე ფიზიკურად იძალადეს.

“სახეზე გვაქვს საოლქო საარჩევნო კომისიაში არაუფლებამოსილი პირების შეჭრის მცდელობის ფაქტი.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია მასთან ურთიერთობაში იმგვარი ფორმების გამოყენება, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. ადმინისტრაცია მოქმედებს კანონის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ჩართულ მხარეებს, ნებისმიერი საკითხის გადასაჭრელად, სრული შესაძლებლობა აქვთ მიმართონ შესაბამის სამართლებრივ ფორმებს, – წერია განცხადებაში.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს დამკვირვებლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყურადღებით დააკვირდნენ არჩევნებში ჩართული “ზოგიერთი მხარის” ქმედებებს, რომელიც “ატარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციის, მთლიანი საარჩევნო პროცესის დაზიანების ხასიათს და მცდელობა აქვს, შექმნას დაძაბული წინასაარჩევნო ფონი”.

ცესკოს მტკიცებით, უსაფუძვლოა ბრალდებები, “თითქოსდა საოლქო საარჩევნო კომისიამ არ შეატყობინა ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს პირველი სხდომების გამართვის შესახებ”. კომისიის განცხადებით, ყველა წევრს დაურეკეს.

შეგახსენებთ, რომ მარნეულში, რამდენიმე საათის წინ, აოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან  “ენმ”-სა და “ოცნების” წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ, ამის მიზეზი კი საოლქო კომისიის წევრების არჩევა გახდა. ოპოზიცია ხელისუფლებას კომისიების საკუთარი წევრებით დაკომპლექტებაში სდებს ბრალს.