მარნეულში N67-ე უბნის გაყალბებული ოქმი გაბათილდა – ოცნებამ 300 ხმა დაკარგა

მარნეულის რადიოს ინფორმაციით, მარნეულის საოლქო კომისიამ გაყალბებული ოქმი გააბათილა, რის შედეგადაც ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა 300 ხმა დაკარგა.

საუბარია მარნეულის N67 უბანზე, სადაც ზაურ დარგალმა რეალურად 173 ხმა მიიღო, თუმცა ოქმზე კომისიის წევრების ხელმოწერის შემდეგ, 1–იანი 4–იანად გადაკეთდა და ზაურ დარგალს 173 ხმის ნაცვლად, 473 ხმა დაუფიქსირდა. აღნიშნული ოქმი ცესკომ საიტზე ატვირთა.

„მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, კენჭისყრის დღეს უბნების დახურვის შემდგომ შემაჯამებელი ოქმების შედგენისას პროპორციული სისტემით კენჭისყრის ოქმის N4 გრაფაში მივიღეთ რიცხვი – 528, ხოლო ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს მიღებული ხმების გრაფაში – 162. მაჟორიტარული ოლქის საარჩევნო სისტემით კენჭისყრის ოქმში კი 4 გრაფაში მივიღეთ იგივე მონაცემები – 528. ხოლო N41 რიგითი ნომრის კანდიდატის გრაფაში – 173. მითითებული მონაცემებით დავასრულეთ ოქმები დავამოწმეთ კომისიის ბეჭდით და გავეცით უბნებზე მყოფ პირებზე.

აღნიშნულის შემდგომ მოვიდა კომისიის თავმჯდომარე, დავიწყეთ ინვენტარის შეგროვება და საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვა, რა დროსაც შესაბამისი ოქმები სარეგისტრაციო ჟურნალთან ერთად იდო მაგიდაზე. უბანზე იყო ხალხმრავლობა და არეულობა, რა დროსაც სავარაუდოდ შეცვლილი იქნა მონაცემები ოქმებში. ვინ და რა ვითარებაში შეცვალა ოქმების მონაცემები ჩემთვის უცნობია. მითითებული ცვლილება არ შემიმჩნევია“. – წერია N67 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ალი დურახანოვის ახსნა-განმარტებაში.

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ N67 უბნის შედეგების პირვანდელი ვარიანტით ჩასწორებას დაუჭირა მხარი. მათი გადაწყვეტილების შესაბამისად, N67 უბანზე ზაურ დარგალმა 173 ხმა მიიღო, ხოლო ენმ–ს კანდიდატმა, აზერ სულეიმანოვმა 228.

ადგილობრივი ოპოზიცია ფიქრობს, რომ დურგალისთვის 300 ხმის გადაწყვეტილება ოლქის თავმჯდომარემ მიიღო.