მასწავლებლებს უნდა აეკრძალოთ პოლიტიკური პარტიის წევრობა – ელისაშვილი

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მასწავლებლებს და განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანებს უნდა აეკრძალოთ პარტიის წევრობა და აგიტაციაში მონაწილეობა. მისი თქმით, პარლამენტში პირველ რიგში ამ ინიციატივის გასატანად იბრძოლებს.

“როგორც თავდაცვის სამინისტროს და შსს სამინისტროს თანამშრომლებს აქვთ აკრძალული პოლიტიკური პარტიის წევრობა და პარტიის სასარგებლოდ აგიტაციასა და პროპაგანდაში მონაწილეობა, ისევე, ჩვენ მივაღებინებთ პარლამენტს კანონს, რომ აიკრძალოს მასწავლებლების, საბავშვო ბაღემის და განათლების სისტემის თანამშრომლების მონაწილეობა. უნდა აიკრძალოს, რომ ეს ადამიანები უნდა ფიქრობდნენ მარტო ცოდნის ამაღლებაზე და ამ ცოდნის ბავშვებისთვის გადაცემაზე”,– ამბობს ელისაშვილი რუსთავი 2–ის ეთერში.

მისი თქმით, განათლების სამინისტრო მასწავლებელს არა კვალიფიკაციას, არამედ “მეტი ხმის” მოტანას სთხოვს, შემდეგ კი “დარბიან ეს გათქვირული ქალები ტელეფონებით და სიებით”. ელისაშვილის აზრით, ეს უნდა აიკრძალოს.