მას უნდა დაერეკა, ეკითხა ჩვენთვის – ზალკალიანი დანიაში საქართველოს ელჩის განცხადებაზე

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დანიაში საქართველოს ელჩის გიგი გიგიაძის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, “ელჩს უნდა დაერეკა და ეკითხა ამაზე”.

გუშინ დანიაში საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს ყოფილ უფროსს, ივერი მელაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა. ელჩმა მისთვის წარდგენილ ბრალს აბსურდული უწოდა.

“მეც გამიკვირდა, რადგანაც იცით თქვენ, რომ ჩვეულებრივი კოლეგიალურობიდან გამომდინარე, ელჩის პოზიციიდან გამომდინარე, როცა ის აკეთებს რაიმე განცხადებას, მითუმეტეს ასეთ უაღრესად მგრძნობიარე თემაზე, მას უნდა დაერეკა, ეკითხა ჩვენთვის რა მდგომარეობაა, რასთან გვაქვს საქმე?! ჩემთვისაც სიურპრიზი იყო ეს განცხადება. ასეთი ზარი არ შემოსულა. თუ არ ვცდები „ფეისბუქ“ პოსტის სახით გამოაქვეყნა ეს და მისი ერთგვარი ემოციური დამოკიდებულება იყო კოლეგის მიმართ. არ მქონია მასთან კომუნიკაცია სამწუხაროდ, მაგრამ გვექნება და მიეწოდება ყველა ინფორმაცია, რაც გამოძიების პროცესში საზოგადოებისთვის ცნობილია. ვინ თუ არა პირველ რიგში მე ვწუხვარ ამ ფაქტზე. ვფიქრობ, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს შესაბამის პასუხს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ელჩა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ივერი მელაშვილის 1997 წლიდან პირადად იცნობს და მიაჩNია, რომ ის საკუთარი ქვეყნის გამორჩეული პატრიოტია.

“ჩვენი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის პროფესიონალი და შეუცვლელი ექსპერტი. წარდგენილი ბრალდება იმდენად აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს დაწყებული გამოძიება ყველა არსებულ კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს და სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება”, – წერს გიგიაძე ფეისბუქ გვერდზე.