მაღალპროფესიონალური დახმარება გაეწია – კლინიკის დირექტორი ოპერატორზე

კლინიკა ნეო ჰოსპიტალის დირექტორი, გიორგი რამიშვილი ამბობს, რომ ტვ პირველის ჟურნალისტის, ლექსო ლაშქარავას გაწერის დროს მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.

“პაციენტის მდგომარეობა გაწერის დროს იყო დამაკმაყოფილებელი. მას მიეცა რეკომენდაციები. სტანდარტების მიხედვით ჩაუტარდა ყველა საჭირო ჩარევა და დახმარება. გაეწერა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში.

გაწერის ვადა არის სტანდარტული, ის კლინიკიდან ნაადრევად არ გაწერილა. გაწერის წინ გაუკეთდა კვლევები, მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფია.  ახლა ვთანამშრომლობთ რეგულირების სააგენტოსთან, რომელიც სწავლობს დოკუმენტაციას – პაციენტის დაავადების მიმდინარეობას, შესრულებულ ჩარევებს და დასკვნას გამოიტანს რეგულირების სააგენტო”,– ამბობს რამიშვილი.

მისივე ინფორმაციით, ლაშქარავას ოპერაცია ჩაუტარდა თვალ-ბუდეზე, რომელიც დამსხვრეული ჰქონდა.

“დანარჩენი არის ექსპერტიზის საგანი. დანარჩენზე უნდა იმსჯელოს ექსპერტიზამ, იმისთვის რომ არ იყოს სპეკულაციები”,– აღნიშნა ექიმმა.